Accessibility links

site logo site logo

ბორელი მკაცრად აკრიტიკებს კრემლს და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“ ნავალნი


ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჟოზეპ ბორელმა მკაცრი შეფასება მისცა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და „უკანონო“ უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას.

„ბორელმა შეახსენა (ლავროვს), რომ ევროკავშირი ელოდება ბატონი ნავალნის და მასთან ერთად, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა პირის სწრაფ და უპირობო გათავისუფლებას“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანგარიშში, რომელიც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ბორელის მიერ მოსკოვში გაკეთებული შეფასებები.

მანამდე მოსკოვში სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ნავალნის საქმის გამო რუსეთის კრიტიკისგან პრაქტიკულად თავი შეიკავა. ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მან გამოხატა ევროკავშირის „ღრმა გულისწყრომა“ ნავალნის გასამართლებისა და დაპატიმრების გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებისა და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ.

5 თებერვალს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ვიზიტი გამართა მოსკოვში და მასპინძლებს განუცხადა, რომ ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ურთიერთობა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის „დაბალ დონეზე“ დაიყვანა.

იმავე დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG