Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეჟა ვუ, ანუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში


ავტორი: მიხეილ გამყრელიძე

(ხუმრობით და ხუმრობა გაშვებით)

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ბატონი ნიკა გვარამია აღშფოთებული და შეურაცხყოფილია ამერიკის საელჩოს დამოკიდებულებით მის მიმართ და მისი ტელეარხისადმი. ასეთი გულმოდგინებით და თავგამოდებით ვაკრიტიკებთ პრორუსულ “ქართული ოცნების” მთავრობას, დაუღალავად ვიბრძვით პროდასავლურობისა და დემოკრატიისათვის, რაც შეგვიძლია ვაგინებთ პუტინს და რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს, ამერიკის ელჩმა კი ყველაფერი ეს არ წყალში ჩამიყარა და ერთხელაც არ მიმიწვია საელჩოში, რომ ჩემი, როგორც ოპოზიციური მასმედიას ერთერთი ხელმძღვანელის აზრი მოესმინაო. ეგ კიდევ არაფერი, მე თუ მარტო დედას ვაგინებდი რუსეთს ღია ეთერში, ჩემი ახალგაზრდა თანამშრომელი კიდევ უფრო შორს წავიდა და ტელეკრანიდან პუტინს დედაც აგინა და დედმამის საფლავიც ამოუტრიალა, მაგრამ არც მისთვის დაუფასებიათ ამაგი, ის კი არა ქალბატონმა დეგნანმა ამერიკაში შესასვლელი ვიზის გაცემაზეც უარი სტკიცაო.

ალბათ მკითხველიც დამეთანხმება, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის საელჩოს ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი სწორედ ისაა, რითაც ბატონი ნიკა და მისი თანამშრომლები თავს იწონებენ. ამერიკელებს ალბათ არც იმას უწონებენ “მთავარი არხის” ჟურნალისტებს და მის დირექტორს, რომ ისინი სასტიკი წინააღმდეგი არიან ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლისა და ყოველნაირად აქეზებენ მათ “სიტყვა არ გატეხონ” და ერთპარტიულ პარლამენტში არ შევიდნენ, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტი უკვე “სამპარტიულია”. ისიც უნდა ითქვას, რომ “სიტყვის არ გატეხა” და პირის შეკვრა ვინმეს ჩამოსაგდებად, როგორც ეს ოპოზიციონერებს ესმით, ცივილიზებულობის ნიშანი არ გახლავთ და უფრო მეტად მაფიოზურ კლანებს ახასიათებთ, დემოკრატია კი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ აქ ყველა პიროვნულად, საკუთარი განსჯის მიხედვით და საკუთარი სინდისის კარნახით იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომაც ურჩევენ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლას. ისინი არც რუსეთის ლანძღვა-გინებას და ყველა ჩვენი უბედურების მისთვის დაბრალებას მოგვიწონებენ, რადგან გაცნობილი არიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას და იციან, რომ არასწორი იქნებოდა ყველაფერი შავ ფერებში დაგვეხატა და არ დაგვენახა ის დადებითი, რაც ორი საუკუნის განმავლობაში რუსთთან ერთად ყოფნამ ქვეყანას მოუტანა, იციან, რომ სწორედ ამის შემდეგ დაუახლოვდა საქართველო ევროპას, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებიდან 50 წლის შემდეგ თბილისში და ევროპის დედაქალაქებში ახალი ოპერები თითქმის ერთდროულად იდგმებოდა, რომ რუსულ ადმინისტრაციას შეერთების შემდეგ კიდევ 50 წელი დასჭირდა, რომ ქვეყანაში ისეთი მავნე ჩვევა ამოეძირკვა, როგორც ტყვის სყიდვა იყო, რომ როცა 1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზა გაიხსნა, იაპონიაში რკინიგზის სიგრძე მხოლოდ 29 კილომეტრს შეადგენდა, რომ აჭარა, აფხაზეთი, ახალციხე და ახალქალაქი სწორედ რუსული ჯარის გამოისობით მოხვდნენ საქართველოს შემადგენლობაში და ა. შ. და ა. შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერ ამის გამოა, რომ ამერიკელებმა ბატონ ნიკას და მის თანამშრომელს რუსეთის და პუტინის კრიტიკა არ დაუფასეს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დეჟა ვუ რაღა შუაშიაო, იკითხავთ.

საქმე ისაა, რომ ასეთი რეაქცია ჩვენს მასმედიაში რუსეთის გინებაზე ამერიკის საელჩოს მხრიდან პირველი არ არის. ჯერ კიდევ დაახლოვებით 25 წლის წინად, როცა რუსეთის ლანძღვამ ქართულ პრესასა და ტელევიზიაში ყოველგვარ ზომას გადააჭარბა, ამერიკის საელჩო იძულებული გახდა ჩარეულიყო საქმეში. მისი რეაქცია მაშინდელმა პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ნანეიშვილმა ასე შეაფასა: “აბა, ეხლა კი ცოტა ენას კბილი დააჭირეთო!” ეს ამბავი გახსენდა, როცა ბატონი ნიკას ჩივილს მოვუსმინე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG