Accessibility links

site logo site logo

WHO-ს ექსპერტებმა უჰანში ვერ დაადგინეს COVID-19-ის ეპიდემიის წარმოშობის მიზეზები


პიტერ ბენ ემბარეკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამომძიებლებმა, რომლებიც ჩინეთის ქალაქ უჰანში განთავსებულ კვლევით ცენტრში მუშაობდნენ, ვერ შეძლეს დაედგინათ 2019 წლის ბოლოს დაწყებული კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის ზუსტი მიზეზები.

როგორც ამ მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, კორონავირუსის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ჰიპოთეზაა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გავრცელება შუალედური რგოლის მეშვეობით. მაგრამ ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ვირუსის გადატანა მომხდარიყო ასევე გაყინული პროდუქტის ზედაპირიდან.

რაც შეეხება იმ ჰიპოთეზას, რომ ეპიდემია ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვას მოჰყვა, WHO-ს ექსპერტმა ამას ნაკლებად სავარაუდო უწოდა. ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვირუსის ღამურიდან ადამიანზე გადასვლის ჰიპოთეზასაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 10 ექსპერტი გასული კვირის დასაწყისში ესტუმრა ჩინეთის ქალაქ უჰანში განთავსებულ კვლევით ცენტრს, კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ თავიანთი კვლევის ფარგლებში.

ინსტიტუტში მოქმედებს ღამურათა კორონავირუსების გენეტიკური ინფორმაციის არქივი, მას შემდეგ, რაც 2003 წელს გავრცელდა სასუნთქი გზების მძიმე მწვავე სინდრომი, SARS-ი. ამ გარემოებამ გამოიწვია დაუდასტურებელი ხმები, რომ შესაძლოა, ამ არქივს კავშირი ჰქონდეს უჰანში COVID-19-ის გაჩენასთან. ჩინეთი ამ კავშირს გადაჭრით უარყოფს და გამოდის დაუდასტურებელი თეორიებით, რომ ვირუსი შესაძლოა სხვაგან წარმოიშვა და ქვეყანაში შეიტანე. ამ თეორიებს უარყოფენ საერთაშორისო მეცნიერები.

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციამ 2019 წლის ბოლოს იფეთქა ქალაქ უჰანში, მალე კი, მიღებული ზომების მიუხედავად, პანდემიად გადაიქცა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, დღეისათვის ვირუსით მსოფლიოში დაავადდა 100 მილიონ ადამიანზე მეტი და 2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG