Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბარიერო არჩევნებისთვის "რკინის ქალამნებით" - "გირჩის" გზა პარლამენტისკენ


თანდათან სულ უფრო მკაფიო ხდება „ქართული ოცნების“ განმარტებები „გირჩის“ მთავარი მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პარტიის წარმომადგენლებიც სულ უფრო უახლოვდებიან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

როგორც „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, თუ „ოცნებისგან“ პროპორციული, უბარიერო არჩევნების თაობაზე მეტ დეტალს შეიტყობენ, „გირჩები“ მოძებნიან უბარიერო არჩევნების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლის მსურველ კიდევ 13 დეპუტატს; ხოლო თუკი ვერავინ დაიყოლიეს, პარლამენტში შესვლა მარტოს მოუწევთ. გამორიცხული არ არის, ბარიერის გაუქმების საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე შესთავაზოს.

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ელოდებოდნენ მმართველი გუნდის „შეჯერებულ წინადადებას“ და სწორედ ეს წინადადება გაახმოვანა 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ახლა „გირჩი“ მმართველი პარტიისგან ამ საკითხის გარშემო მეტ სიცხადეს მოითხოვს; მყარი გარანტიების მიღების შემთხვევაში კი, ხვიჩიას გუნდი „რკინის ქალამნებს“ ჩაიცვამს და მომხრეების შესაგროვებლად ოპოზიციურ პარტიებს სათითაოდ დაივლის.

ხვიჩია ეცდება, ასევე, რომ ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეც შესთავაზოს.

„მამუკა მდინარაძის განცხადება ჩავთვალე მინიშნებად, რომ ამ მიმართულებით ღირს მოძრაობა და ასე შეიძლება გამოსავლის ძიება იმ ჩიხიდან, სადაც ახლა ვართ... ვგეგმავთ საუბრის გაგრძელებას - ახლა გასარკვევია, რეალურად რაზე მოდის „ქართული ოცნება“, უნდა გავარკვიოთ, ცვლილება მხოლოდ 2024 წელზე შეიძლება გავრცელდეს თუ შემდგომ არჩევნებზეც...

ჩვენ არ ვართ თანახმა, რომ პროპორციული, უბარიერო არჩევნები მხოლოდ 2024 წელს იყოს. ოპოზიციასთან სასაუბროდ „რკინის ქალამნებით“ რომ მივალთ, ხომ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რას გვთავაზობს „ქართული ოცნება“.

ჩვენ ვეცდებით, რომ ეს საკითხი დაკონკრეტდეს და დაიდოს ფასილიტატორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან, მას შემდეგ, რაც სრულყოფილ სახეს მიიღებს“, - უთხრა იაგო ხვიჩიამ რადიო თავისუფლებას.

8 თებერვალს, დღის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დაახლოებით 3-წუთიანი განცხადების უდიდესი ნაწილი სწორედ უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე ლაპარაკს დაუთმო. მან თქვა, რომ ეს საკითხი ისედაც განიხილება საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მმართველი გუნდი უბარიერო არჩევნებსაც განიხილავს და „საზოგადოება იმსახურებს“, იცოდეს ოპოზიციის პოზიცია „გირჩის“ მიერ წარმოყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მდინარაძემ ილაპარაკა ასევე ნულოვან ბარიერზე „ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

თუკი ახლო წარსულს გადავხედავთ, „ოცნების“ პოზიციაში თანდათანობით მკაფიოდ გამოიკვეთა „გირჩის“ მოთხოვნის მხარდაჭერა.

  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ მიერ, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, 29 იანვარს ხელმოწერილ მემორანდუმში ნახსენები არ იყო 0%-იანი ბარიერი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში. ამავე განხილვების ფარგლებში, პოლიტიკური პარტიები იმსჯელებენ დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად ამოქმედების საკითხზეც“;
  • საარჩევნო ბარიერის 0%-მდე დაწევის შესაძლებლობა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის მიერ 4 თებერვლს გამართულ ბრიფინგზე: „ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად“.

„მზად ვართ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ცივილური მსჯელობა, დისკუსია ისეთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ ნულოვან ბარიერს“, - უთხრა 9 თებერვალს ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„გირჩი“ ან სხვებთან ერთად შევა, ან მარტო

საარჩევნო სისტემის შეცვლა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, თავის მხრივ, სულ ცოტა, 113 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებს.

იაგო ხვიჩია გვეუბნება, რომ „რკინის ქალამნებით“ მოივლის ოპოზიციას პარლამენტში შემსვლელი 13 დეპუტატის მოსაძებნად და კარგად თუ მოძებნის, არც პოვნა გაუჭირდება.

რატომ 13 და არა 14, მაშინ, როცა პარლამენტში ამჟამად მყოფ 96 დეპუტატს დამატებული „გირჩის“ 3 დეპუტატი, ჯამში, 99 დეპუტატია?

ხვიჩია გვპასუხობს, რომ იმ ერთ დეპუტატში გულისხმობს ყოფილ თანაგუნდელს - ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც ახალი პარტია დააფუძნა. „ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმ მოთხოვნისთვის, რაც ახლა აქვს „გირჩს“. საერთო პოზიცია იყო ეს ჩვენი“, - გვითხრა ხვიჩიამ.

ზურაბ ჯაფარიძეს ახლა აშკარად სხვა გეგმები აქვს. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ამ გზით ცდილობს გათავისუფლდეს სადეპუტატო მანდატისგან, რომელიც მას, სხვა 50 ოპოზიციონერი დეპუტატის მსგავსად, ნების საწინააღმდეგოდ შეუნარჩუნა „ქართულმა ოცნებამ“. თუ ჯაფარიძე მანდატის გაუქმების მიზანს მიაღწევს, იაგო ხვიჩიას „გირჩს“ შესაძლებლობა ექნება, პარლამენტში პარტიული სიიდან მისი ადგილმონაცვლე შეიყვანოს.

შევა თუ არა „გირჩი“ პარლამენტში, თუკი ოპოზიციის რიგებში ვერ იპოვის საარჩევნო ბარიერის საკითხის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლის მომხრე დეპუტატებს? მოკლე პასუხია - კი.

„ჩვენი განცხადება „ოცნებასთან“ მოლაპარაკებებში არის ის, რომ გვჯერა - ვიპოვით საკმარის ადამიანებს ასეთი ტიპის ცვლილებების განსახორციელებლად და თუ ვერ ვიპოვით, ჩვენ რეპუტაციულად ვაგებთ პასუხს პარლამენტში (შესვლით)...

„ქართული ოცნებისთვის“ ჩემი წინადადება საინტერესო მხოლოდ იმით იყო, რომ მე სხვებს საკუთარ მაგალითს მივცემდი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ ... ყველა ფსონი არ არის მომგებიანი... მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ. მგონია, რომ როცა „ქართული ოცნება“ დაკონკრეტებულ წინადადებას დადებს, ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქ მოხდება დიდი შერიგება“, - გვეუბნება იაგო ხვიჩია.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში?

როგორც ოპოზიციურ პარტიებში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მათი პოზიცია უკვე დიდი ხანია ცნობილია და ახალი ამ მხრივ არაფერია. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე, აბსოლუტურად აზრმოკლებულია ლაპარაკი საარჩევნო ბარიერზე.

  • „საარჩევნო ბარიერი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთადერთი საკითხი. თუ არ არის ლაპარაკი ახალ არჩევნებზე და ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამ ვითარებაში რა აზრი აქვს ლაპარაკს - არჩევნები 0%-იანი ბარიერით ჩატარდება, 3%-იანით თუ 5%-იანით?! ეს სურათს არ ცვლის და დაახლოებით იგივეა, მშიერმა კაცმა სუნამოების შერჩევაზე დაიწყოს მსჯელობა“ - ლევან თარხნიშვილი, „ევროპული საქართველო“;
  • „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ასეთი პატარ-პატარა ლუკმების გადმოგდებით მოთაფლოს და მოქრთამოს ცალკეული ოპოზიციური პარტია, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება. ჩვენ არ უნდა ავყვეთ და უნდა შევინარჩუნოთ გენერალური ხაზი, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ სამართლიანი არჩევნები“ - ლევან ბეჟაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“.

იაგო ხვიჩიას „გირჩისთვის“ რიგგარეშე არჩევნები გადამწყვეტი ან პრიორიტეტული არასდროს ყოფილა და ამ საკითხზე საუბარს „ქართულ ოცნებასთან“ არც ამჯერად აპირებს. იაგო ხვიჩიამ გვითხრა, რომ მისი პარტია „ოცნებასთან“ არც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ წამოყენებული წინადადების განხილვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება „გირჩისთვის“ მისაღებია.

რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს გამართვასთან დაკავშირებულ წინადადებაზე მამუკა ხაზარაძემ 8 თებერვალს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებშიც“ ილაპარაკა. ამ წინადადებას ოპოზიციაში ღიად ძალიან ცოტა უჭერს მხარს, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“, და ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარება ძალიან დაგვიანებულია; თუმცა, თუკი „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების გამართვას დათანხმდება, შესაძლებელი იქნება დისკუსია თარიღთან დაკავშირებითაც. „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG