Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ტელევიზია აბუჩად აიგდეს ნავალნიზე მომზადებული სიუჟეტისთვის


კადრი "როსია 1"-ის 7 თებერვლის სიუჟეტიდან.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გასული სიუჟეტი მისმა შემქმნელებმა ბომბის აფეთქებად წარმოგვიდგინეს. ავტორები გვპირდებოდნენ, ფარდა (თუ სახურავი) აეხადათ იმ სახლისთვის, სადაც ცხოვრობდა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში.

მაინც რა იპოვეს ასეთი სკანდალური და ფეთქებადი ამ ვილაში ტელესიუჟეტის ავტორებმა? თავად განსაჯეთ: სახლში იყო ყავის მანქანა. შენობაში მოთავსებულ საცურაო აუზში წყლის ტემპერატურა სასიამოვნო 26 გრადუსი იყო. და ტუალეტის ჯაგრისებიც კი მაღალი ხარისხის ჰქონდათ.

მაგრამ დაპირებული ბომბი „არ გასკდა“. პირიქით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ რუსეთის სოცქსელები წალეკა მისმა აბუჩად აგდებამ და გამასხარავებამ.

ეს მაშინ, როცა თავად ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ვიდეოსიუჟეტები თვეების განმავლობაში დომინირებდა რუსეთის მედიასფეროს. და მათ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გაუჩნდა აგვისტოდან დაწყებული, როცა ციმბირიდან მოსკოვში მიმავალი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და კინაღამ გარდაიცვალა, იანვრამდე - როცა ის გერმანიიდან დაბრუნდა მოსკოვში და მაშინვე დააპატიმრეს.

ნავალნისა და მისი მომხრეების უნარმა, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება და დამუხტონ ანტისამთავრობო განწყობილებები, განარისხეს კრემლი და სახელმწიფოს კუთვნილი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია, რომელიც ჩვეულებრივ დომინირებს რუსეთის სამაუწყებლო სივრცესა თუ გაზეთების ჯიხურებში.

თუ მაინცდამაინც „ბომბზე“ ვლაპარაკობთ, ასეთი იყო სწორედ ნავალნის გუნდის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც საუბარია შავი ზღვის პირას მდებარე ობიექტზე. ფილმის სახელწოდებაა „პუტინის სასახლე“ და მის მესვეურთა თანახმად, ეს 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების სახლი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო. ხოლო ის დაფინანსდა პუტინთან დაახლოებულ მოკავშირეთა ოფშორული კომპანიების კორუფციული ქსელის მეშვეობით.

7 თებერვალს პროგრამა „ვესტი ნედელიში“ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პასუხი გასცა დოკუმენტურ ფილმ „პუტინის სასახლეს“.

უფრო სწორად, თავად მიიჩნევს, რომ პასუხი გასცა.

„ვესტი ნედელი“ ტელეარხ „როსია-1“-ის კვირა საღამოს მთავარი საინფორმაციო პროგრამაა. მას უძღვება დმიტრი კისელიოვი, „ცეცხლის მფრქვეველი“ წამყვანი, რომელიც ცნობილია ველური განცხადებებით. მაგალითად, მისი თქმით, რუსეთს უნარი შესწევს, აშშ „რადიოაქტიურ ფერფლად“ აქციოს.

ბერლინის კლინიკაში ნავალნის მკურნალობისას გერმანელმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ ის საბრძოლო ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მკურნალობის შემდეგ ნავალნი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ფრაიბურგში.

სიუჟეტი-ბომბი, რომელიც „ვესტი ნედელიმ“ მოამზადა, ეხება იმ სახლს, სადაც ნავალნი ცხოვრობდა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ. რუსულმა გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა ვილაში შეღწევა, რათა ეჩვენებინა ფუფუნება, რაც არ შეეფერება ნავალნის როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯს.

პროგრამის წამყვანი, ანასტასია პოპოვა მაყურებელს უყვება, რომ სახლში არის „დიდი მისაღები ოთახი, ორი ტახტი, ტელევიზორი. მაგიდაზე ახალი ხილი დევს“, სამზარეულოს დახლზე კი ღვინის ბოთლი დგას.

ერთ მომენტში პოპოვა ვილის აუზში ცურავს. შემდეგ ის ათვალიერებს მთავარ ტუალეტს და ტუალეტის ჯაგრისსაც კი.

„ბზინავს, მაგრამ არც ისე“, ამბობს ის.

ტუალეტის ჯაგრისი მინიშნებაა ფილმ „პუტინის სასახლეზე“, რომელშიც ნავალნის გუნდი არქიტექტურული დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ ტუალეტში 700 დოლარის ღირებულების ტუალეტის ჯაგრისი იყო. სხვათა შორის, ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლების ზოგიერთ მონაწილეს ტუალეტის ჯაგრისი ეჭირა ხელში.

კრემლმა უარყო, რომ გელენჯიკის მახლობლად მდებარე სახლი პუტინს ეკუთვნის. დოკუმენტური ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მილიარდერმა არკადი როტენბერგმა, რომელიც პუტინის ბავშვობის მეგობარი და ძიუდოში მისი ყოფილი პარტნიორია, საჯაროდ გამოაცხადა, რომ სახლი მისია.

„ვესტი ნედელის“ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ფრაიბურგის ვილაში გაჩერება დღეში 530 ევრო ღირს. ფასის დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება ვერ მოხერხდა, მაგრამ რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივმა ტელეარხმა Current Time-მა მოიძია ინფორმაცია, რომ ამ ვილაში ცხოვრების ფასი იმის ნახევარია, რასაც „ვესტი ნედელი“ აცხადებს.

ამასობაში ვილის მფლობელმა დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა, რომ რუსმა ჟურნალისტებმა მისი ვილის ქირაობისას თავი ბელგიელ ტურისტებად გაასაღეს. „დოჟდის“ თანახმად, მთავარ ჟურნალისტს გამოგონილი ფრანგული გვარი ჰქონდა.

სახლის მფლობელმა ისიც თქვა, რომ მან გერმანიის სამართალდამცველებს მიმართა მას შემდეგ, რაც რუსმა რეპორტიორებმა ის ფარული კამერით გადაიღეს მისი ნებართვის გარეშე.

„ვესტი ნედელის“ ამ სიუჟეტს თან ახლდა სხვა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო შორიახლოს მდებარე კინოსტუდიაზე, სადაც გადაიღო ნავალნის გუნდმა „პუტინის სასახლე“.

ნავალნის ერთ-ერთმა მთავარმა თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა „დოჟდს“ მოგვიანებით უთხრა, რომ „ვესტი ნედელიმ“ გაბუქა ვილის ქირა, რომელიც მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა ევგენი ჩიჩვარკინმა გადაიხადა. მისი თქმით, ლონდონში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დაფარა ასევე კინოსტუდიის ხარჯებიც.

გერმანიაში რეაბილიტაციის პერიოდში ნავალნის ხარჯების დიდი ნაწილი თავად ოპოზიციონერმა გამოაქვეყნა ინსტაგრამში.

„მიდიხარ ჟურნალისტიკაში. მოლოდინი: ამზადებ მაგარ რეპორტაჟებს და გამოააშკარავებ მთელ სიმართლეს. რეალობა: იღებ ნავალნის ტუალეტის მიმოხილვას და აჩვენებ 2-ევროიან ღვინოს და ამას ფუფუნებას უწოდებ“, დაწერა ტვიტერში ნავალნის გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა რუსლან შავედინოვმა.

რუსეთის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ვლადიმირ მილოვმა, რომელიც ამჟამად კრემლის დაუღალავი კრიტიკოსია, ასევე აბუჩად აიგდო „ვესტის“ სიუჟეტი, რომელშიც, მისი თქმით, ნაჩვენებია საკმაოდ ტიპური გერმანული სახლი.

და მან ის შეადარა საშუალო რუსულ საცხოვრებლებს, რომელთაგან, მისი სიტყვებით, ძალიან ბევრს არა აქვს შიდა წყალგაყვანილობა და ცხელი წყალი ან შხაპი.

მოსკოვში ნავალნის დაბრუნებას უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა რუსეთში. 2 თებერვალს ოპოზიციონერს პატიმრობა მიუსაჯეს 2014 წელს მისჯილი პირობითი პატიმრობის წესების დარღვევისთვის. ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს 2014 წლის განაჩენსაც. სასამართლოს 2 თებერვლის განაჩენს ნავალნის მხარდამჭერი ახალი გამოსვლები და პოლიციის სასტიკი პასუხი მოჰყვა.

გერმანიის ხელისუფლების დასკვნით, ნავალნი მოწამლეს საბრძოლო მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომელმაც უკანასკნელ ხანებში ყურადღება მიიპყრო 2018 წლის ინციდენტისას, როცა დიდ ბრიტანეთში მოწამლეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი - სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებმა. ლაბორატორიებმა შვედეთსა და საფრანგეთში, ასევე ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის ორგანიზაციის ექსპერტებმა, მოგვიანებით დაადასტურეს გერმანელების დასკვნები.

ფიზიკური ძალადობის გარდა კრემლი ნავალნის წინააღმდეგ ხშირად მიმართავს დისკრედიტაციის მეთოდს. მაგალითად, მას ბრალად სდებენ ხოლმე უცხოეთის აგენტობაში, რომელსაც CIA ან MI6 აფინანსებს.

„ნატოს წევრი სამი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობდნენ ამ ყალბ დოკუმენტურ ფილმზე ყალბი სასახლის შესახებ, ნავალნი კი მხოლოდ გასახმოვანებლად მიიწვიეს“, განაცხადა კისელიოვმა საკუთარ კომენტარში, რომელიც „ვესტი ნედელის“ სიუჟეტს მოსდევდა.

მართალია, „პუტინის სასახლემ“ მნახველთა რაოდენობის რეკორდები მოხსნა YouTube-ზე, მაგრამ საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

„ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ რუსეთის მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტმა ნახა ფილმი, მაგრამ იმ რესპონდენტთა უმრავლესობამ (77%), რომელსაც ნანახი აქვს ის ან გაუგონია მასში აღწერილი გამოძიების შესახებ, თქვა, რომ პუტინის შესახებ აზრი არ შეუცვლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG