Accessibility links

site logo site logo

DUH: გერმანია „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა აშშ-ს "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარშემო


ოლაფ შოლცი

გერმანიის გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია (DUH) ამტკიცებს, რომ გერმანიის მთავრობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონლად ტრამპის, ადმინისტრაციას დახმარების სახით სთავაზობდა სავარადუდოდ 1 მილიარდ ევროს (1,21 მილიარდი დოლარი), სადავო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მიმართ ვაშინგტონის სანქციების თავიდან არიდების მიზნით.

ორგანიზაცია „გერმანიის ეკოლოგიური საქმიანობის“ (DUH) მიერ 9 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა, აღნიშნული თანხა შესთავაზა აშშ-იდან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად მაშინდელ ფინანსთა მინისტრ სტივ მნუჩინს წერილში, რომელიც 2020 წლის აგვისტოთია დათარიღებული.

DUH-ის აღმასრულებელი დირექტორმა, საშა მიულერ-კრაენერმა, წერილში მოყვანილ ცნობებს უწოდა „სკანდალური“ და „ბინძური გარიგება მესამე პირების ხარჯზე“.

არსებული ინფორმაციის თანახმად, გერანიის ხელისუფლება ვაშინგტონის ადმიანისტარციას სთავაზობდა ინვესტიციას თხევადი გაზის ტერმინალების ასაშენებლად ჩრდილოეთის ზღვის გერმანულ ნაპირზე, ვილჰელმსჰაფენსა და ბრუნსბუეტელში.

ამის სანაცვლოდ ბერლინში იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონი დათანხმდებოდა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეუფერხებელ მშენებლობასა და ექსპლოატაციას.

ბუნებისდამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სწრაფ კომენტირებაზე გერმანიის ფინანსთა სამინისტრო არ დათანხმდა, მაგრამ მედიას აცნობა, რომ გაკეთდება სპეციალური განცხადება.

საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანა.

აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგრამ გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად.

აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს.
რუსეთის გიგანტი სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის საჭიროა მილების გაყვანა 150 კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც დანიისა და გერმანიის წყლებზე გადის.

საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბერლინი კვლავაც უჭერს მხარს გაზსადენის მშენებლობას, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიებისა და მოსკოვიდან ევროპელი, მათ შორის, გერმანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG