Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია პარლამენტში შესვლაზე მარიამ გეგუჩაძისთვის უარის თქმის გამო განმარტებას ითხოვს


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისგან ითხოვს, ოფიციალურად განმარტოს, რატომ უთხრა უარი მარიამ გეგუჩაძეს პარლამენტში შესვლაზე. გეგუჩაძეს "მთავარი არხისთვის" მასალის მოსამზადებლად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდა.

"ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ მარიამ გეგუჩაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აქტივისტობის გამო უარს ეუბნებოდნენ პარლამენტში შესვლაზე.

"ჰო, მართლა, ფლეშმობს მოაწყობსო, თქვეს. მე, ერთი კამერით. მთავარის ყველა ჟურნალისტს შემოვუშვებთ მაგის გარდაო. ჩემი ფლეშმობის რომ ეშინია, ის პარლამენტია რუსთაველზე", - დაწერა მან "ფეისბუკზე".

ამ საკითხს გამოეხმაურა "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია და ეს შემთხვევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად და დისკრიმინაციად შეაფასა.

"პანდემიის პირობების გათვალისწინებითაც, არხის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარლამენტის პრესსამსახურს, პარლამენტში "მთავარი არხის" გადამღები სხვა ჯგუფის დროებით გამოყვანა და "თქვენი ხმის" ჟურნალისტის შეშვება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მხრიდან იყო უარყოფითი პასუხი დისკრიმინაციული მოტივით - მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმის გამო", - აღნიშნავდა გვარამია.

პარლამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა მიზანშეწოლად არ მიიჩნია გეგუჩაძის დაშვება პარლამენტის შენობაში, ვინაიდან, მათი განმარტებით, არსებობდა გონივრული ეჭვი მისი მხრიდან გარკვეულ საპარლამენტო საქმიანობაში ხელშეშლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG