Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესზე დემოკრატები დონალდ ტრამპს "ამბოხის წაქეზებაში" ადანაშაულებენ


აშშ-ის სენატში გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც მოჰყვა კაპიტოლიუმზე იერიშს არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს.

წარმომადგენელთა პალატის წევრები, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ბრალმდებელთა როლში გამოდიან, წარმოადგენენ არგუმენტებს ტრამპის ბრალეულობის დასადასტურებლად.

ტრამპის ადვოკატები დაცვის არგუმენტების წარმოდგენას 12 თებერვალს დაიწყებენ. მათ მთავარ არგუმენტთა შორისაა მტკიცებულება, რომ, მათი თქმით, არაკონსტიტუციურია გასამართლება და იმპიჩმენტის გამოცხადება პრეზიდენტისთვის მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა. საკონსტიტუციო სამართლის ბევრი სპეციალისტის აზრით, ეს დასაშვებია.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი, როცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. სენატში მიმდინარე პროცესმა უნდა გამოავლინოს, უნდა გადააყენონ თუ არა ის თანამდებობიდან. ამისთვის სენატორთა ხმების ორი მესამედია საჭირო.

სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს 50-50 ადგილი აქვთ. რამდენიმე რესპუბლიკელი იმპიჩმენტს უჭერს მხარს.

გუშინ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა სენატში მიმდინარე სასამართლოზე წარმოადგინეს 6 იანვარს კაპიტოლიუმში ბრბოს შეჭრის ამსახველი ახალი აუდიო და ვიდეომასალა, რის გაცნობის შემდეგაც რამდენიმე სენატორი აშკარად შეძრწუნებული ჩანდა.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც არაუადრეს 13 თებერვალს შეიძლება დასრულდეს, პოლიტიკურად მოტივირებულია.

6 იანვრის მოვლენებისას ძალადობის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. მოგვიანებით თავი მოიკლა ინციდენტთან კავშირის მქონე ორმა პოლიციელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG