Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მოითხოვენ ექვსი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას


ექვსი აქტივისტი დააკავეს ქუთაისში, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „საქართველოსთვის" წევრებმა ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ სურდათ გაერკვიათ თუ რატომ არის შესაძლებელი მისთვის და მთავრობის სხვა წევრებისთვის რესტორნებში სიარული, ხოლო რიგითი მოქალაქეებისთვის აკრძალული.

როგორც მოძრაობის წევრმა ლაშა ხუსკივაძემ თქვა, მერიის შენობასთან სამართალდამცავების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო მობილიზებული და შეხლა-შემოხლის შემდეგ დააკავეს ექვსი აქტივისტი. ხუსკივაძის თქმით, მათ ამ დრომდე არ იციან რომელ განყოფილებაში არიან გადაყვანილი დაკავებულები. მოძრაობის წევრებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დაკავებულების გათავისუფლებისთვის ვადა 21:00 საათამდე მისცეს. თქვეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობას მოაწყობენ. ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დაკავებულები არ გაუთავისუფლებიათ, აქციის ორგანიზატორები და შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობისთვის ემზადებიან.

მსვლელობის მონაწილეებმა „ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს და მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდეს გაათავისუფლონ დღეს დაკავებული აქტივისტები.

აქტივისტების მოქმედებას გამოეხმაურა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. „ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს მათი ხელწერაა," - აცხადებს ხახალეიშვილი.

მერის თქმით, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს მოქალაქეების სიმშვიდეს. „ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება", - თქვა ქუთაისის მერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG