Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მინისტრი საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პირველ პირებს შეხვდა


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ვენდი მორტონს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებსა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე.

გახარიამ და მორტონმა ილაპარაკეს რეგიონში არსებულ ვითარებაზეც, საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებზე.

ეს საკითხები იყო ბრიტანელი მინისტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დღის წესრიგშიც. დავით ზალკალიანის და ვენდი მორტონის შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“.

„შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და ხაზს უსვამს საქართველოსთან ჩვენი მტკიცე კავშირების მნიშვნელობას“, - განაცხადა მორტონმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, რადგან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს უამრავი სფერო, სადაც შესაძლებელია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება.

ბრიტანელმა მინისტრმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის სტაბილურობას. დღესვე ვენდი მორტონი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

საქართველოში პირველი ვიზიტისას, რომელიც დღეს დაიწყო, ვენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG