Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს არჩევნებში იმარჯვებს მთავარი ოპოზიციური პარტია


ალბინ კურტი, პარტია ვეტვენდოსიეს (თვითგამორკვევა) ლიდერი
ალბინ კურტი, პარტია ვეტვენდოსიეს (თვითგამორკვევა) ლიდერი

კოსოვოს საარჩევნო უწყების წარმომადგენლების თქმით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდა ცივი ზამთრის, კორონავირუსთან დაკავშირებული შიშის და ეკონომიკის გაუარესების თაობაზე შეშფოთების ფონზე.

დათვლილია 14 თებერვალს ჩატარებული არჩევნების ხმების 98 პროცენტი და იუწყებიან, რომ 48 პროცენტი ერგო პარტია ვეტვენდოსიეს, რითიც ის მნიშვნელოვნად უსწრებს მემარჯვენე-ცენტრისტულ კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც ხმების 17 პროცენტი მიიღო. კონსერვატიულმა მმართველმა პარტიამ, კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ, ხმების 13 პროცენტი მოიპოვა, რაც ამ პარტიისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მის ისტორიაში.

ვეტვენდოსიეს ლიდერმა, ალბინ კურტიმ - რომელიც, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრი გახდება - განაცხადა, რომ კენჭისყრამ პარტიას ახალი დასაწყისის შანსი მისცა. "ხვალ ახალი დღე გათენდება. დღევანდელი დიდი გამარჯვება ჩვენთვის მხოლოდ შესაძლებლობაა იმისა, რომ დავიწყოთ სასურველი ცვლილებების განხორციელება" - თქვა კურტიმ, რომლის პარტიის სახელიც "თვითგამორკვევას" ნიშნავს. "წინ დიდი სამუშაო გველის, რადგან ქვეყანა მრავალი კრიზისის წინაშეა" - დასძინა მან.

თუმცა, პირველადი შედეგები მოწმობს, რომ კურტი სავარაუდოდ ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას 120-ადგილიან პარლამენტში. კურტიმ მიანიშნა, რომ არ აპირებს კოალიციური მთავრობის შექმნას მის დამარცხებულ ოპონენტებთან.

კოსოვოს ეკონომიკაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი პრობლემა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე იყო. მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ორგანიზებული დანაშაული და კორუფციაც.

კოსოვოს მონაცემებით, კორონავირუსით იქ 64,000-მდე ადამიანი დაავადდა და 1500-მდე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG