Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ დღე-ღამეში 35 121 პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველად    


დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ.

სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/

როგორც სააგენტო იუწყება, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე ან „ცხელ ხაზზე“ - 1505.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG