Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) დემონსტრანტებმა გზებისა და ხიდების გადაკეტვა დაიწყეს


ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეებმა ოთხშაბათს დაიწყეს გზებისა და ხიდების გადაკეტვა, რათა არმიის სატვირთო მანქანებსა და პოლიციის ძალებს არ მისცენ საპროტესტო გამოსვლების დარბევის საშუალება.

აქტივისტები, რომლებიც გზებს კეტავენ, ისე იქცევიან, თითქოს მათი ავტომანქანები მწყობრიდან გამოვიდა და ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას. ინიციატივას, რომლის თაობაზე ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სოცქსელებში, ეწოდება „გაფუჭებული ავტომობილის კამპანია“.

ქვეყნის უდიდეს ქალაქ რანგუნში შესასვლელი და გამოსასვლელი გზები ათობით ავტომობილით არის ჩახერგილი. ამავე დროს ქალაქში მასობრივი დემონსტრაცია იმართება. მისი ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პატიმრობის ვადა გაუგრძელეს ჩამოგდებული პარტიის, „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის, მასზე სარეკორდო რაოდენობის მონაწილე გამოვა.

BBC-ის ცნობით, რანგუნში ოთხშაბათს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გავიდა დემონსტრაციაზე. ისინი ითხოვენ სუ ჩისა და 1 თებერვლის გადატრიალების შედეგად დაკავებული სხვა პოლიტიკური ლიდერების განთავისუფლებას.

სამშაბათს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის სისხლის სამართლის მეორე ბრალდება წაუყენეს. სამხედრო მმართველობამ კი კვლავ დადო პირობა, რომ ახალ არჩევნებს ჩაატარებს და ამის შემდეგ ხელისუფლებას დათმობს.

სამხედროები, რომლებმაც მიანმარში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, „დემოკრატიის ლიგას“ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. სუ ჩის მომხრეებმა არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG