Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში პროკურატურა Belsat-ის ორი ჟურნალისტისთვის 2-2 წლით კოლონიაში პატიმრობას ითხოვს


დარია ჩულცოვა (მარცხნივ) და ეკატერინა ბახვალოვა (ანდრეევა).
დარია ჩულცოვა (მარცხნივ) და ეკატერინა ბახვალოვა (ანდრეევა).

მინსკში პროკურატურა პოლონეთის ტელეარხ Belsat-ის ორი ჟურნალისტის პროცესზე მათთვის ორი წლით კოლონიაში პატიმრობას ითხოვს.

ჟურნალისტები დარია ჩულცოვა და ეკატერინა ბახვალოვა (ანდრეევა) 15 ნოემბერს დააკავეს მინსკში არასანქცირებული აქციის დროს. ისინი პირდაპირ რეპორტაჟს აწარმოებდნენ „ცვლილებების მოედნიდან“, სადაც მილიცია არბევდა აქტივისტ რომან ბანდარენკას სიკვდილის ადგილზე შეკრებილებს.

გამოძიების თანახმად, ბახვალოვამ და ჩულცოვამ ორგანიზება გაუკეთეს ჯგუფურ მოქმედებებს, რომლებმაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და პრობლემები შეუქმნა სამოქალაქო ტრანსპორტის მუშაობას.

ბრალდებულთა ადვოკატების თანახმად, არც ერთი მოწმე არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის შეექმნა პრობლემები საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ასევე, მათი თქმით, მოწმეთა ჩვენებები არ ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული განზრახ ჩაიდინეს, როგორც ეს მათ ბრალდებათ.

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში აგვისტოდან მოყოლებული იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს ალიაქსანდრ ლუკაშენკას. ამ პოზიციას იზიარებს დასავლეთის მთავრობების უმრავლესობა. საპროტესტო აქციების განმავლობაში ათიათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით დაპატიმრებულია. მრავალი თვითმხილველის თქმით, მათ მიმართ გამოიყენებოდა წამება და უდიერი ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

31 წლის რამან ბანდარენკა საავადმყოფოში გარდაიცვალა ნოემბერში, მთავრობის მომხრე აქტივისტების მიერ ცემისა და პოლიციის მიერ დაკავების შედეგად.

XS
SM
MD
LG