Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭერისა და დაძაბულობის მოლოდინი


„ჩვენ არ მივიღებთ ივანიშვილის სამართალს“, „ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ", „არ გაბედოს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდის გამოყენება“ - ასეთი განწყობით შეხვდენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ. 17 თებერვალს გამართულ პროცესს მელია არ დასწრებია და არც საპატიმროში აპირებს თავისი ფეხით წასვლას. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შს სამინისტროს მისი ძალით წაყვანა მოუწევს და ეს შესაძლოა ნებისმიერ წუთას მოხდეს. საერთაშორისო პარტნიორები ვითარების გამწვავების რისკებს ხედავენ.

„გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი. დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო... ეს ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ, ორ ან ათ ცალკეულ ადამიანს... ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს... ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე და ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა და თვალებში ჩახედა უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის (რუსი დეპუტატის) სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება“ - ასე შეაფასა თავად ნიკა მელიამ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თითქმის 7-საათიანი სხდომის შემდეგ გამოაცხადა. მელია დანებებას არ აპირებს.

სასამართლოს სხდომის მსვლელობისას, კომენდანტის საათის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა მოიყარა თავი და მათ შორის იყვნენ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერები. მათი მხრიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები, რომ მელიას ნებით არავის გაატანდნენ. ოპოზიციონერები ხელისუფლებას ახლაც უმეორებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებას მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევენ და ძალის გამოყენება „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირად დაუჯდება.

  • „ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას და სიმშვიდეს. ჩვენი ყველაზე დიდი იარაღია სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს... ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეიძლება დათრგუნოს თავისუფალი სული და ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდობიანი“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“.
  • „მოვლენ და დავხვდებით. არც ნიკა და არცერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება. ჩვენ ვიქნებით მტკიცე, ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას, რადგან ჩვენს მხარესაა სამართლიანობა. მათ ხელშია სამართალი, ჩვენკენ არის სამართლიანობის განცდა“ გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“.
  • „არ გაბედოს ხელისუფლებამ, არ გაბედოს ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც ბარბაროსი ხელისუფლება. ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო პარტიის ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ“ ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო“.

40 ათას ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო, ნიკა მელიას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ იმედი გამოხატა, რომ მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. თუკი მელია თავად არ მივა, მას შს სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა მიაკითხონ, თუმცა რა ვადაში - ამას კანონი ცალსახად არ ამბობს.

საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი ვადები, თუ როდის უნდა მოხდეს იმ პირის დაკავება, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შესაბამისად, მისთვის ძნელი სათქმელია, როდის გადაწყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

„ეს შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს მოხდეს - ამ წუთას მოხდეს ანდა ერთ საათში ან ერთ დღეში. ასეთ დროს დაპატიმრების პროცესი არ არის განსაზღვრული საპროცესო კანონმდებლობით და არც ვადებია დადგენილი. ეს არის ფაქტობრივი აღსრულების საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იხელმძღვანელოს პოლიციის შესახებ კანონის დებულებებით.

რომელ დანაყოფს გამოიყენებს შსს ამისთვის, ეს მთლიანად სამინისტროს გადასაწყვეტი და ეს ყოველი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. მთავარია, რომ ძალა რომელსაც პოლიცია გამოიყენებს, უნდა იყოს კანონიერი და პროპორციული. მაგალითად, თუ ერთი პირის დაკავება აქვს გამიზნული, მან სპეცდანიშნულების რაზმი არ უნდა გამოიყენოს“ ​- გვეუბნება სიმონიშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაახლა ლაპარაკი ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე და ამ სცენარში ჩათრევის საფრთხის პრევენციისთვის ძალოვან სტრუქტურებს სიფრთხილისკენ მოუწოდა .

ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისათვის, რომ მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. მაქსიმალურად უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნებისმიერი, ამ თუ სხვა გადაწყვეტილების აღსრულების დროს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მაქსიმალურად უზრუნველყონ პროვოკაციების თავიდან არიდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება მორალური და კანონისმიერი და ასევე, ეს არისნაცმოძრაობისგეგმის ნაწილი. ერთია მორალური და კანონიერი მხარე და მეორეა, რომ ჩვენ დესტრუქციულ და დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ პროვოკაციაში. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად, - განაცხადა დღის ბოლოს „ქარული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ვინ იყო მელიას მოსამართლე

39 წლის ნინო ჩახნაშვილი, რომელსაც მოსამართლეობის სულ 3-წლიანი სტაჟი აქვს, არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო და მას აქვს მიღებული არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის - 20 ივნისის მოვლენებთან (ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“) დაკავშირებითაც.

  • 2019 წლის 18 ივლისი - მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ ლევან ჯიქურს. ბრალდებული ამ დროს ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული.
  • 2019 წლის 27 ივლისი - მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პირებს - ბეჟან ლორთქიფანიძეს (სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მკვლევარი), მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, და გიორგი ქურდოვანიძეს.
  • 2019 წლის 28 ოქტომბერი - მოსამართლე ჩახნაშვილმა დაზარალებულად არ სცნო 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული 16 პირი და მათ შორის - მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა.
  • 2019 წლის 31 დეკემბერი - მოსამართლე ჩახნაშვილმა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ნიკა რურუას მიმართ.
  • 2019 წლის 26 ივლისი - მოსამართლე ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, ამჟამად „ლელოს ლიდერებს“ - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და ასევე - საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე ქვეყნიდან გასვლაც აუკრძალა.

როგორც ბიოგრაფიიდან ვიგებთ - ნინო ჩახნაშვილმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 2014 წელს ჩააბარა. მანამდე ის წლების განმავლობაში მოსამართლის თანაშემწე იყო.

ჩახნაშვილი 2020 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული და ახლა მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე მის გვარს მე-18 ნომრად ვხვდებით 2020 წლის დეკემბერში ამ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევ ნუსხაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს შეკითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ სხვა დამსახურებული მოსამართლეებისგან განსხვავებით, ნინო ჩახნაშვილი თბილისში (თელავის სასამართლოდან) სამუშაოდ უპრობლემოდ გადმოიყვანეს და მას შემდეგ, 2019 წლის ივლისიდან, ჩახნაშვილს განსახილველად ამდენი გახმაურებული საქმე დაუგროვდა.

ნაზი ჯანეზაშილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებების დროს ჩახნაშვილმა მასზე არაკომუნიკაბელური, სიტყვა ძუნწი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რაც მოსამართლისთვის შესაშური თვისებები არ არის. ჯანეზაშვილმა ჯერ კიდევ სასამართლოს სხდომის დასრულებამდე გვითხრა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე ჩახნაშვილი 17 თებერვალს, მელიას საქმეზე მიიღებდა, პოლიტიკური მოტივებით იქნებოდა განპირობებული.

„როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ჩახნაშვილმა, ეს გადაწყვეტილება ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება დაცლილი პოლიტიკური კონტექსტიდან.

მგონია, რომ ხელისუფლებას რა შედეგიც უნდა, სასამართლოს მხრიდან სწორედ ის შედეგი დადგება. ჩემთვის არის წარმოუდგენელია და ვერავინ დამარწმუნებს ამაში, რომ ჩინჩალაძის კლანი იქნება თუ „ქართული ოცნების“ ლიდერები დასხდებიან და დაელოდებიან - მოსამართლე რას იზამს. ასეთი რამ საქართველოში ასეთი ტიპის საქმეებზე არ ხდება.

მით უმეტეს ჩახნაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, მისი სხვა საქმეების შედეგებიდან გამომდინარე და სასამართლო სისტემის კლანური მმართველობის წესიდან გამომდინარე, მე არ მჯერა, რომ ნინო ჩახნაშვილი სამოსამართლო ხედვის დამოუკიდებელი პრინციპებით ხელმძღვანელობს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილმა.

პოლიტიკური შემადგენელი

ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის ლმობიერ დამოკიდებულებაზე 16 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდანაც ლაპარაკობდა გერენალური პროკურატურის წარმომადგენელი, ამირან გულუაშვილი. პარლამენტისგან თანხმობის მისაღებად მისული, ის დეპუტატებთან გაკვირვებას გამოხატავდა, რომ დაცვის მხარე პროკურატურის ლმობიერებას (პატიმრობის ნაცვლად, გირაოს თანხის გაზრდის შესახებ ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას) აპროტესტებდა.

17 თებერვალს უფრო შორს წავიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი, სოზარ სუბარი. მან ამ "ლმობიერ" მიდგომაში პოლიტიკური მდგენელის არსებობაზეც ილაპარაკა.

„მართლა გამოჩნდა ამ თითქმის ორი წლის განმავლობაში, რომ პატიმრობა არა თუ არ იყო თვითმიზანი, არამედ მაქსიმალურად ცდილობდა პროკურატურა, რომ შედარებით რბილი აღკვეთის ღონისძიებები შეერჩია და კი, შეიძლება ჩემს პირად აზრად დარჩეს - იყო თუ არა ამაში პოლიტიკური მდგენელი... ამას პროკურატურა არ დაეთანხმება, მაგრამ გარკვეულწილად პოლიტიკური მდგენელი ალბათ იყო იმაში, რომ ნუ რასაც სხვას არ აპატიებდნენ, ამ შემთხვევაში (ნიკა მელიას შემთხვევაში) თვალს ხუჭავდა პროკურატურა...

რატომ? ნუ ნორმალურია ამ შემთხვევაში ესეც, რადგან მიდის პოლიტიკური პროცესი და ასეთ დროს გარკვეული ანგარიში იმას უნდა გაუწიოს ყველამ, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა საჭირო... მაგრამ ბრალდებულმა და იმ პარტიამ, რომელიც მას ზურგს უკან უდგას, არა თუ არ გაითვალისწინეს ეს, არამედ პირიქით - შეგნებულად მიდიან ყველანაირ დარღვევაზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ფეხქვეშ გათელონ კანონი და გამოწვევა ესროლონ სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობას, რომ ცინიკურად არ აღვასრულებთ კანონს“ - განაცხადა სუბარმა პარლამენტის სხდომაზე, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე „ქართული ოცნება“ იმუნიტეტს მოუხსნიდა ნიკა მელიას და თანხმობას მისცემდა პროკურატურას, სასამართლოში მისი პატიმრობა მოეთხოვა.

სუბარმა თქვა, რომ თუკი პარლამენტი იმუნიტეტს არ მოუხსნიდა მელიას, ხოლო პროკურატურა და სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „გააგრძელებენ ამ ხაზს და კიდევ უფრო მეტ დარღვევაზე წავლენ“.

მართლმსაჯულების ჭრილში პოლიტიკური ლიდერის მიმართ „ლმობიერებაზე“ საუბარმა ბევრს გაუჩინა შეკითხვა - ხომ არ არის ეს დასტური იმისა, რომ პროკურატურას აქვს თავისუფლება იმოქმედოს პოლიტიკური მდგენელის მიხედვით და სხვა შემთხვევებში არალმობიერად, ანუ არაადეკვატურად მკაცრად დაუპირისპირდეს დასასჯელ პირებს.

ნიკა მელიას ადვოკატები ყოველ ჯერზე აღნიშნავდნენ და 17 თებერვალს სასამართლოს სხდომაზეც არაერთხელ გაიმეორეს, რომ პროკურატურამ ნიკა მელიას შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულებისთვის უცნობი, უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა და კანონს პროკურატურა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე განმარტავდა.

„სამართლებრივი სახელმწიფოსთვის უცნაურია ლაპარაკი ლმობიერებაზე პროკურატურის მხრიდან... საზოგადოებას მართლმსაჯულების იმიტომ არ სჯერა და მას ხელისუფლებასთან შეზრდილად იმიტომ თვლის, რომ ორმაგი სტანდარტის ბევრი შემთხვევა ვიცით... ხალხს სასამართლოს სისტემის მიმართ ნდობა იმიტომ არა აქვს, რომ დამოუკიდებლად არ მიიჩნევს. დამოუკიდებლად რომ თვლიდეს, მის ყველანაირ გადაწყვეტილებას სცემდა პატივს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

განცხადებაში, რომლითაც პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ის ფაქტი გაიხსენა, რომ იმავე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მსუბუქად გასამართლდა მხოლოდ 3 სამართალდამცველი.

ვითარების დაძაბვის შიში

ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში ვითარების უკიდურესად დაძაბვისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის საბოლოო ჩაშლის პროგნოზი გააკეთა 17 თებერვალს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოცემულ სიტუაციაში ვითარების ესკალაციის რეალურ საფრთხეს ქმნის ორი ფაქტორი: სასამართლოს მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი.

ელჩი ჰარცელი კომენტარს არ აკეთებს უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ამ საკითხზე „ძალიან ბევრს“ ფიქრობდა და კარგ გამოსავალს ვერ ხედავს.

"ვხედავ ხიფათს, რომ დღევანდელი მოვლენების და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, პრობლემის გაღრმავებისკენ მივდივართ. ვშიშობ, ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა“ - განაცხადა მან სასამართლო სხდომამდე მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კი, განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა არავის გამოადგება, მათ გარდა ვისაც სურს შეარყიოს საქართველოს სტაბილურობა. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად", - ნათქვამია საელჩოს მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ტვიტერით გაავრცელა მელიას საკითხთან დაკავშირებული თავისი მორიგი განცხადება აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. "ნიკა მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს და ასევე შეაფერხებს მოლაპარაკებების პროცესს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნისთვის. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები" - წერს ის.

მანამდე, იან კელიმ ტვიტერზე გააზიარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებასა და საქართველოს დემოკრატიის დაზიანებაზე იყო ლაპარაკი. ხოლო შემდეგ, ასევე ტვიტერზე დაწერა - „საქართველოს დასდევს ერთპარტიული პარლამენტის მზარდი აჩრდილი“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და რეაგირებაც მოვლენების განვითარების შესაბამისი იქნება. თუმცა ის ნიკა მელიას დაჭერასაც და არ დაჭერასაც თავიდანვე „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებლად განიხილავდა:

„ყველაზე საუკეთესო ვარიანტად რაც წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“, ის ვარიანტიც წამგებიანია მისთვის. თუ დაიჭერს ნიკა მელიას და პროცესები აირევა, საბოლოოდ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება - ვერ ხვდება „ქართული ოცნება“, რომ ეს წამგებიანი იქნება მისთვის...

ხოლო თუკი მელიას არ დაიჭერენ, ეს შეიძლება ამომრჩევლების ერთმა ნაწილმა "ქართულ ოცნებას"უბრალოდ სისუსტედ ჩაუთვალოს, რომ - ამდენი ილაპარაკა მელიაზე და ბოლოს მაინც ვერ დაიჭირა... გარისკა ხელისუფლებამ - ბნელ სივრცეში დაიწყო მოძრაობა, სიბნელეში კი ბევრი რისკია, რომ წაბორძიკდე და გზა ვერ გაიგნო...

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ არასდროს უნდა იყო დარწმუნებული, რას იზამს ხვალ ნაწამები ხალხი, რომელმაც გაიარა კოვიდის მძიმე პერიოდი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაშია“ - უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG