Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის შექმნილი ვითარება ქმნის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების სივრცეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კოლაფსშია, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს:

„მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ და მთავარ საკითხზე. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, ეს არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ეს არის საარჩევნო რეფორმა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას“, - განაცხადა გიგი უგულავამ. მისი განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა არის ერთი ნაბიჯი რიგგარეშე არჩევნებისკენ:

„ამიტომ გონს მოეგოს უნდა ხელისუფლება იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის სახელმწიფო, ჩვენს უკან არის ხალხი, ხალხს სჭირდება მშვიდი ქვეყანა სტაბილური ქვეყანა, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა და ამისათვის პირველი წინაპირობა რიგგარეშე არჩევნები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება გააკეთა. ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკებ მოუწოდებს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

17 თებერვალს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG