Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ღარიბაშვილი მელიას ვერ დააკავებს


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების შესახებ.

თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა, ერთადერთ მოკავშირედ დაიტოვოს პუტინი:

„ღარიბაშვილის პოლიტიკური რეციკლირება ანუ პოლიტიკაში ამ სახით დაბრუნება, მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის მოქმედებები სრულიად მოკლებულია რაციონალურ აზრს. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რეპუტაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და რომ რამდენიმე წლის წინ, მისი გადაყენების ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო სწორედ ის გაფუჭებული ურთიერთობები, რაც მას ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილმა განიზრახა, ერთადერთ მოკავშირედ დაიტოვოს პუტინი და ქვეყანაში დაამყაროს პუტინისტური დიქტატურა. ამას არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, არ დაუშვებენ. ივანიშვილმა ამ განაცხადით აირჩია ძალადობა, ნაცვლად მშვიდობისა, აირჩია ესკალაცია, ნაცვლად დეესკალაციისა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მოქმედებებით და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობიანი გზა“.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის არ ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას, რადგან მისი სიტყვებით, ივანიშვილის უსუსური მცდელობა მორიგი მარიონეტით დაამკვიდროს ქვეყანაში პუტინისტური დიქტატურა, არ გამოუვა.

რამდენიმე წუთის წინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება. პარტიის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობა ეკავა 2013-2015 წლებში. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში კი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ დღეს, 18 თებერვალს, მიიღო.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG