Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 პრემიერ-მინისტრი და მათი საბოლოო სიტყვა


2012 წლიდან დღემდე საქართველომ 5 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. რადიო თავისუფლება იხსენებს მათ განცხადებებს პოსტის დატოვებისას.

გიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: 8.09.2019 -18.02.2021 (526 დღე)

გიორგი გახარიას გადადგომა მოჰყვა 17 თებერვალს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მიმართ გამოტანილ განაჩენს - პატიმრობას. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ დაუშვებდნენ მელიას დაპატიმრებას, თუნდაც ამისთვის სპეცრაზმთან დაპირისპირება გამხდარიყო საჭირო.

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან, საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი…

იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“.

მამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: 20.06.2018 - 2.09.2019 (409 დღე)

მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით გაავრცელა. გრძელი ტექსტი, რომლითაც მან საკუთარი მოღვაწეობა შეაჯამა, ასე მთავრდებოდა:

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!

მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!“

გიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: 30.12. 2015 – 13. 06.2018 (895 დღე)

„ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტალური საკითხებისა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარესთან [ბიძინა ივანიშვილთან] მქონდა რიგი განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები... ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია… მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას“.

ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: 20.11.2013 - 23.12.2015 (763 დღე)

„ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად… ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი – თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენ მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის...“

ბიძინა ივანიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: 25.10.2012 - 17.11.2013 (388 დღე)

თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფიქრობდა რამდენიმე კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთ-ერთს თავის შემცვლელად დატოვებდა. საბოლოოდ მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

„მან აჩვენა, რომ ის იმსახურებს და არ არის შემთხვევითი პრემიერ-მინისტრის პოსტის გადაცემა ირაკლიზე… გვეყოლება 17 ნოემბრის შემდეგ ძალიან წარმატებული და ძალიან საამაყო ხელისუფლება. საქართველოს საზოგადოებას შეუძლია იამაყოს საკუთარი ხელისუფლებით. ასეთ ხელისუფლებას ვტოვებ და გადავდივარ საზოგადოებაში“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG