Accessibility links

logo-print logo-print

ნუგეშის მზე


"მზე" (2019, ტაივანი, "A sun", რეჟისორი ჩუნ მუნხუნი)

"მშურს, ეს წიგნი რომ წასაკითხი გაქვს", "მშურს, ეს ფილმი რომ ჯერ არ გინახავს". ჰო ვამბობთ ხოლმე ასე? დიახ, კარგი გამოთქმაა და ნამდვილად მშურს ყველასი, ვისაც ჯერ წინ გაქვთ ამ არაჩვეულებრივი კინორომანის ხილვა. მე კი საკუთარი თავის მშურს, რადგან ჩუნ მუნხუნის შემოქმედებას უფრო ახლოს უნდა გავეცნო. ნამდვილად არაფერი ვიცოდი ამ კაცზე და მისი "მზე" მხოლოდ იმიტომ ვნახე, რომ სახლში "ოსკარზე" წარდგენილი არაამერიკული ფილმების სეანსები მოვიწყე ( "მზე" უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში მოხვდა).

წლის დასაწყისში, როცა მედიამ 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიები გამოაქვეყნა, "მზე" მხოლოდ ერთმა ჟურნალმა ახსენა - ესაა "Variety" , რომლის მიმომხილველებმა ტაივანური სურათი მთლად წლის ნომერ პირველ ფილმად აღიარეს. სხვა გამოცემებს "მზე", თუ არ ვცდები, არ გახსენებიათ. შეიძლება იმიტომ, რომ ჩუნ მუნხუნის სურათი დაგვიანებით - წლის ბოლოს - მოათავსა "ნეტფლიქსმა" თავის საიტზე. თუმცა ეჭვი მაინც მღრღნის, რომ "მზემ", უბრალოდ, ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებსაც კრიტიკოსთა უმრავლესობა უყენებს დღეს კინოხელოვნებას - სოციალური ფონი, პოლიტიკური სიმძაფრე, რაც, მაგალითად, ასე გამოარჩევს კორეულ "პარაზიტს", ტაივანურ სურათში წამყვანი ნამდვილად არ არის, ისევე როგორც ვერ ნახავთ აქ განსაკუთრებულ მხატვრულ სიახლეს, ორიგინალური სტილის თუ განსხვავებული კინოენის ნიშნებს. არა, "მზე", ერთი შეხედვით, მეტისმეტად ძველმოდური და ტრადიციული ფილმია, ხოლო მისი ქრონომეტრაჟი მაყურებლის ერთ ნაწილს ინტერესს უკარგავს - არ არის ადვილი უყურო სამსაათიან ფილმს, რომელიც შორეული ქვეყნის საშუალოზე დაბალი კლასის წარმომადგენელთა ყოფას ასახავს, იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებთანაც, ერთი შეხედვით, არაფერი გაქვს საერთო. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.

ძვირფასო კინოს მოყვარულებო, განთავისუფლდით წინასწარი განწყობისგან, მოლოდინისგან და ისე უყურეთ "მზეს". გარწმუნებთ, ტაივანური ფილმის მთავარი გმირები - დედა (ჩემი აზრით, ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი), მამა და მათი ორი ვაჟი ფილმის დასრულების შემდეგ თქვენი ახლობელი ადამიანები გახდებიან. დისტანცია გაქრება. სივრცე და კულტურული განსხვავება აღარ იარსებებს. კიდევ ერთხელ გააცნობიერებთ, რომ მზე ყველასია, მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს.

"მზე" იწყება ძალადობის ნატურალისტური სცენით, რომელიც ლირიკული, უფრო მეტიც, უტკბილესი მელოდიითაა გაფორმებული. მუსიკისა და გამოსახულების ეს კონფლიქტი (კადრში ვხედავთ ახლო ხედით ნაჩვენებ ადამიანის მოჭრილ ხელს) უხერხულობის გრძნობას ქმნის, მაგრამ მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს კონტრასტი მთელი ფილმის ლამის მთავარი მხატვრული ხერხია. თუმცა არა ერთადერთი. რეჟისორი კინოხელოვნების თითქმის ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა რბილად, უხეში გადასვლების გარეშე გვიამბოს ცალკეულ პერსონაჟებზე, შეკრას ეს თაიგული, შემდეგ ისევ დაშალოს, მერე მიმართოს ახალ კომბინაციებს, დროდადრო შემოიყვანოს ახალი გმირები, მაგრამ ისევ დაგვაბრუნოს მთავარ პერსონაჟებთან და, საბოლოოდ, გაამთლიანოს ეპიკური საგა - ფილმი სინანულზე, ფილმი მონანიებაზე და, რაც მთავარია, ფილმი პატიებაზე.

იმ ზიზღის, აგრესიის, შურისძიების ფონზე, რისი ტირაჟირებაც გრძელდება (სამწუხაროდ, დიდი წარმატებით) თანამედროვე კინოში, "მზე", მართლაც, ძველმოდური ფილმი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მის ავტორს თითქოს საერთოდ არ აინტერესებს, რა არის მოდაში დღეს.

ვიმ ვენდერსი იგონებდა იმ ფილმის გადაღების ისტორიას, რომელიც ყველა დროის იაპონელ რეჟისორს, იასუძირო ოძუს, მიუძღვნა. "ტოკიო-გა" ჰქვია ვენდერსის დოკუმენტურ სურათს, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. აღმოჩნდა, რომ ვენდერსი ჯერ მხოლოდ იწყებდა კინოში მუშაობას, როცა იაპონიაში იმოგზაურა, იაპონური კინოს ყველაზე პოპულარულ ავტორს (ოღონდ დასავლეთში!), აკირა კუროსავას, შეხვდა და მისი შემოქმედებითი კინოპორტრეტის გადაღება მოინდომა. პროექტი ჩაიშალა. ის-ის იყო ვენდერსმა ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა, რომ იაპონელი მეგობარი შეხვდა, რომელმაც ურჩია სულ სხვა რეჟისორის, იასუძირო ოძუს, ფილმები ენახა. დასავლეთში მაშინ ბევრი არაფერი იცოდნენ ოძუზე. კუროსავა იცოდნენ, კუროსავას აღმერთებდნენ. ოძუს სურათები საერთაშორისო კინოფესტივალებზე არ გაუგზავნიათ. ითვლებოდა, რომ დასავლელი მაყურებლისთვის გაუგებარი იქნებოდა იასუძირო ოძუს პოლიტიკისა და იდეოლოგიისგან სრულიად დაცლილი კინო, სადაც ყველას და ყველაფერს ერთნაირი ყურადღება ეთმობა, სადაც სამყარო არ იყოფა დამნაშავედ და უდანაშაულოდ, სადაც სიცოცხლეს ქმნის არა სისტემა (კარგი ან ცუდი), არამედ, პირიქით, რაღაც უსისტემო, სიტყვით გამოუხატავი, ხელშეუხებელი მოცემულობა, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და კეთილშობილიც.

ოძუ დასავლეთმა მოგვიანებით დააფასა. თუმცა მოდა ასეთ კინოზე დასავლეთში მაინც ვერ დამკვიდრდა. კინო, როგორც ადამიანთა უწყვეტი ცხოვრება, როგორც წინააღმდეგობათა ერთობლიობა, რომელსაც, თავის მხრივ, მასზე მაღალთან, მასზე მნიშვნელოვანთან აქვს შეხება, უფრო აღმოსავლეთში გახდა პოპულარული - იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში... და აგერ ტაივანიც! ფილმი, რომელშიც თუ შეხვედი, უკან ვერავინ გამოგიყვანს. ფილმი, რომლის ხელმეორედ ნახვა, გადახვევა, გაჩერება აუცილებლად მოგინდება, რადგან "მზე" თავიდან ბოლომდე სიხარულია, სილამაზეა, იმდენად მდიდარია გრძნობებით, რომ 3 კი არა, 6 საათიც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.

ოჯახში ორი ახალგაზრდა, ორი ძმა იზრდება. ერთი წარჩინებული სტუდენტი, სამაგალითო შვილი, ზრდილობიანი, ნიჭიერი. მეორე - ასე ვთქვათ, "აცვენილი", კრიმინალებთან დაახლოებული. პირველი წარმატებით ემზადება ექიმის პროფესიის დასაუფლებლად, მეორე კი ციხეში აღმოჩნდება. მამა, ინსტრუქტორი ავტოსკოლაში, არც მალავს, რომ აღიარებს მხოლოდ ერთ შვილს, უფროს ვაჟს კი "გადასცემს" მართლმსაჯულებას: მე ვერაფერი მოვუხერხე, იქნებ ციხემ უშველოსო. უჩვეულო კონფლიქტია: შვილი კი არ უწყობს ამბოხებას მშობელს, შვილი კი არ გაურბის მამას, არამედ, პირიქით, მამა ამბობს უარს შვილზე, რომელიც ფილმის მეორე ნახევარში, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მისი "ერთადერთი შვილი" ხდება. მაგრამ ჩუნ მუნხუნის სურათში მოულოდნელი კავშირები მხოლოდ ადამიანებს შორის არ იქნება; მე არ მახსოვს თანამედროვე ფილმი, რომელშიც ბუნება და ინდუსტრიული ქალაქი ასე იყოს გადაჯაჭვული. არ მახსოვს ფილმი, რომელშიც ქარხანა და მანქანა თანაარსებობდეს სიმწვანესთან, პირველადთან. საერთოდ, აქ ყველაფერი თანაარსებობს, ყველაფერი ერთადაა, მათ შორის - სიცოცხლე და სიკვდილი! "მზეში" არის სრულიად გენიალური სცენა გარდაცვლილი ადამიანის ნივთებთან კონტაქტისა, რომელიც წარმოდგენილია, როგორც წარსულისთვის ხელის შეხება, როგორც იმის გააზრება, რომ დრო და სივრცე საერთოდ აღარ არსებობს, როცა შენზე მაღალს, შენზე უფრო მნიშვნელოვანს შეეხები.

დიახ, იასუძირო ოძუს სურათების მსგავსად, ეს არის ფილმი, რომელიც მზის სითბოს გვაგრძნობინებს, გვანუგეშებს და დაგვარწმუნებს, რომ მზე ყველასია. პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სწორედ ეს გვჭირდება. ვფიქრობ, ამიტომაც იყოჩაღეს ამერიკელმა კინოაკადემიკოსებმა და დასავლეთის მიერ სრულიად დაუფასებელი კინოშედევრი "ოსკარის" კანდიდატებს შორის დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG