Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე მაია ცქიტიშვილს მადლობას უხდის


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ 2012 წლის გამარჯვებაში და ის იყო არაერთი რეფორმისა და პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი. მადლობა მას ამისათვის! წარმატებები!" - წერს კობახიძე „ფეისბუკზე".

ცქიტიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა, რომ ის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება საკუთარი სურვილით.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიას შესახებ ირაკლი კობახიძემ ეს სიტყვები თქვა: „გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი".

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი კანდიდატურა დაასახელა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე - ირაკლი ქარსელაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG