Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელები: "ჩრდილოეთის ნაკადისთვის" ბაიდენის ადმინისტრაციის დამატებითი სანქციები არასაკმარისია


აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის ხომალდს და მის მფლობელ კომპანიას, რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის პროექტზე მუშაობისთვის - რასაც სწრაფად მოჰყვა კრიტიკა რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ ეს ნაბიჯი არ არის საკმარისი.

სანქციები გამოცხადდა ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს 19 თებერვალს, გვიან საღამოს წარუდგინა. ორმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მყისიერად გააკრიტიკა ადმინისტრაცია იმის გამო, რომ მან სხვა სამიზნეებს არ დაუწესა სანქციები. კანონმდებელმა მაიკლ მაკკოლმა (რესპუბლიკელი ტეხასიდან) თქვა, რომ უკვე სანქცირებული სამიზნეებისთვის სანქციების კიდევ ერთი შრის უბრალოდ დამატება "სრულიად არასაკმარისია" და არ აკმაყოფილებს კანონმდებელთა მიზანს, შეწყდეს გაზსადენის პროექტი. მაკკოლის შეშფოთება გაიმეორა სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან), რომლის თქმითაც, კონგრესმა საგანგებოდ გააფართოვა სავალდებულო სანქციები, რათა მათ მოეცვა გაზსადენის გაყვანის ამჟამად მიმდინარე სამუშაოები, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამ სამუშაოებს უგულებელყოფს.

აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებიან გაზსადენს, რომელიც რუსეთის ბუნებრივი გაზის ექსპორტს ბალტიის ზღვის ქვეშ გაიტანს, უკრაინის გვერდის ავლით. მათი თქმით, ეს გააძლიერებს კრემლის გავლენას ევროპის ენერგიის ბაზარზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ პრაისის თქმით, აშშ "უკვე გარკვეული პერიოდია მკაფიოდ ამბობს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ცუდი შეთანხმებაა, და მასში მონაწილეობისთვის კომპანიებს სანქციების საფრთხე ემუქრება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG