Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე თქვა, რომ პირველი კონსტიტუცია, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის გამო მხოლოდ 4 დღეს იარსება, იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო.

„ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს, ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სქესისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი სოციალურ-კულტურული განვითარება, საყოველთაო საარჩევნო უფლება - ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატის, ამასთან, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის არჩევის სამართლებრივი გამოძახილი იყო.

სწორედ ამ ფასეულობების აღიარებით გამოირჩევა 1921 წლის კონსტიტუცია არა მხოლოდ საუკუნის წინ შექმნილ, არამედ თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორის. სწორედ ეს ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ. ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა. მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოს მუდმივად, გარედან თუ შიგნიდან, ხელს უშლიდნენ, წარემართა ეროვნული და დემოკრატიული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, კვლავ ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებების ერთგული.

„კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს, ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა!

გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფა იყო. ყოველი ამგვარი მცდელობა დღესაც (თუნდაც ზვიადისა და მერაბის სახელების გამოყენებით) პირველ კონსტიტუციაში ასახულ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება!

დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან პატივისცემა გამოხატა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ და აღნიშნა, რომ ამაყია კონსტიტუციის ბოლო რედაქციით.

„ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების, იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს - სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის დარგში, რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება.

მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის და მისი პრინციპების ერთგულებაა. მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ისეთი, როგორსაც ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს. ჩვენს კონსტიტუციას ჯერ კიდევ გარდამავალი სახე აქვს, რამეთუ ჩვენ გადასალახი გვაქვს უმთავრესი გამოწვევა - გაუცხოება ჩვენს განუყოფელ ნაწილთან, აფხაზ და ოს ხალხებთან, საქართველოს ხალხის გამთლიანება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ერთად კონსტიტუციის დასრულება - ეს არის ჩვენი მიზანი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის აფხაზურ ენაზე გამოცემის მნიშვნელობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG