Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და ელის შემხვედრ კომპრომისს ხელისუფლებისგან


გაერთიანებული ოპოზიციისა და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც ლიეტუველი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტის დასრულებისას იმართება, ოპოზიციამ თქვა, რომ ხელისუფლებას აძლევს სივრცეს უკან დასახევად და აუქმებს 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას, რომელიც საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით იყო დანიშნული.

ოპოზიცია ამბობს, რომ აქციის გაუქმების შემდეგ ელიან ხელისუფლების მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკებისთვის ფაქტობრივად უცვლელია. ისინი კვლაც მოითხოვენ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტპატიმარ ნიკა რურუას გათავისუფლებას, ნიკა მელიას მიმართ დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური მართლმსაჯულების, როგორც ოპონენტების დევნის გამოყენებაზე უარის თქმას. ასევე, ვადამდელი არჩევნების შესახებ მსჯელობას, კონკრეტული თარიღის დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმას.

"იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობის სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ვიზრუნოთ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა კომპრომისისთვის ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები", - თქვა ხატია დეკანოიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.

"ნუ გექნებათ განცდა, რომ მოლაპარაკება არის სისუსტის ნიშანი, შეცდომები ყველას შეიძლება მოუვიდეს, მით უმეტეს, ჩვენს სასამართლოს", - თქვა ბრიფინგზე გიგი უგულავამ, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ ხელისუფლება წავა მოლაპარაკებაზე და აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციას უფრო მეტად უკან დასახევი უბრალოდ აღარ აქვს, ეს კომპრომისი კი ლიეტუველ პოლიტიკოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

"ჩვენ გვიყვარს თქვენი ქვეყანა, ბევრი მეგობარი გყავთ ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დაიმკვიდროთ ადგილი ჩვენ შორის, მაგრამ ამისთვის უნდა აჩვენოთ მზაობა", - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა ამავე ბრიფინგზე, მისი საქართველოში ვიზიტის დასასრულს და დაამატა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოლაპარაკებებისთვის სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, ლიეტუვის პრეზიდენტი ან საგარეო საქმეთა მინისტრიც შეიძლება ჩამოვიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG