Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბობა კვინიხიძე: „მუნიციპალიტეტებში, სარაგბო კლუბებზე ზეწოლა ხდება“


ბობა კვინიხიძე, ვეტერანი მორაგბე.
ბობა კვინიხიძე, ვეტერანი მორაგბე.

ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები პროტესტს უცხადებენ 24 თებერვლისთვის დანიშნულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ უთხრა. მისივე სიტყვებით, მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელობის მხრიდან კლუბებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის მისაღები შედეგით დასრულდეს.

„24 თებერვლის ყრილობა უკანონოა. მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება არალეგიტიმურმა გამგეობამ მიიღო და არ ვაპირებთ მასში მონაწილეობის მიღებას. სამწუხაროდ, რაგბის საქმეებში გარედან ერევიან. უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხმის უფლების მქონე დელეგატებს ისევ აქტიურად აშანტაჟებენ. მიმდინარეობს პირდაპირი ზეწოლა მუნიციპალურ კლუბებზე. არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გავრცელდება. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ამ უკანონობის დაკანონებას“, - გვითხრა ბობა კვინიხიძემ.

რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოს 2020 წლის 30 დეკემბერს გაიმართა და მასზე აირჩიეს პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არჩევნები არ დააკანონა. მიზეზად ყრილობის წესების დარღვევით ჩატარება დასახელდა.

ირაკლი აბუსერიძის მომხრე ვეტერანმა და მოქმედმა მორაგბეებმა, მას შემდეგ, რამდენიმეჯერ გააპროტესტეს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და ხმამაღლა თქვეს, რომ რაგბის კავშირის საქმეებში გარეშე პირები ერევიან. მათვე ახსენეს მავანთათვის სასურველი სავარაუდო ახალი კანდიდატი იოსებ ტყემალაძეც, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG