Accessibility links

site logo site logo

მარკ კლეიტონი: შოკირებული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებული მოვლენებით


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი:

“შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” - წერს ელჩი.

ნიკა მელია 23 თებერვალს, დილის 9 საათისთვის დააკავეს სამართალდამცავებმა. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა.

სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG