Accessibility links

logo-print logo-print

როგორ გადავლახოთ პოლარიზაცია და დავამარცხოთ ავტორიტარიზმი


გიორგი ცხადაია

ბოლო დროს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ გადადგმულმა კონფრონტაციულმა ნაბიჯებმა ნათლად დაგვანახა პოლარიზაციის ფონზე მიმდინარე ავტორიტარიზმის საფრთხეები. ქართული ოცნება ყოველთვის იყო ოლიგარქიულ-ავტორიტარული რეჟიმი (მისი ავტორიტარული წინამორბედის მსგავსად), და ამჟამინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ავტორიტარიზმი შესუსტების ნაცვლად, ძლიერდება. „ქართულ ოცნებაში“, ერთი შეხედვით, ზომიერი ძალების მარგინალიზაციაც დასრულდა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებამ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა „ქართული ოცნების“ მზარდ ავტორიტარიზმს, პოლიტიკური პოლარიზაციაა: საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ორ, პარალელურ რეალობაში ცხოვრობს და ასეთ პირობებში, საერთო ნიადაგის მოძებნა - დემოკრატიულ ღირებულებებზე შეთანხმება შეუძლებელი ხდება.

პასუხისმგებლობა პოლარიზაციის შემცირებაზე „ქართული ოცნების“ მთავრობას ეკისრება - კონკრეტული ნაბიჯები მმართველმა ძალამ უნდა გადადგას;

საზოგადოებამ კი, თავის მხრივ, არსებულზე ბევრად ფართო, „ზეპოლიტიკური“ კოალიცია უნდა შექმნას და რეალური დემოკრატიული რეფორმები მოითხოვოს.

პოლარიზაციის შესამცირებლად, პირველ რიგში, მენტალური ცვლილება გვჭირდება. ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ბუნერბივია, პოლიტიკური ელიტებიც, დღემდე ოპერირებს ე.წ. „პოსტლენინისტური“ აზროვნების ჩარჩოში. ამგვარი მსოფლმხედველობა გულისხმობს სამყაროს დაყოფას „მტრებად“ და „მეგობრებად“. მტრების განადგურება „პოსტლენინისტური“ პოლიტიკური დაჯგუფებების მთავარ ამოცანას წარმოადგენს. „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი მტერი 2012 წლიდან „ნაცები“ იყვნენ, რომლებიც მათი წარმოდგენით, მუდმივ საბოტაჟს უწყობდნენ „გასაოცარი დემორატიის“ მშენებელ მთავრობას. თავის მხრივ, ოპოზიციის რადიკალურ ფრთას დღემდე აქვს ეგეთი წარმოდგენა, რომ რაღაც გარდამტეხი მოვლენის - რევოლუციის ან რაიმე მსგავსის შემდგომ, „ქოცი“ და ივანიშვილის პარტიის მილიონამდე მხარდამჭერი, უბრალოდ, გაქრება.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ და მოგვიანებით, 2012 წლის შემდგომმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ სინამდვილეში, „კონტრრევოლუციური“ ფლანგი არასდროს ქრება და ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ძალამ მასთან მშვიდობიანი და დემოკრატიული თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. სამწუხაროდ, ამ გამოცდილებიდან ვერც ერთმა დომინანტურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაკვეთილი ვერ გამოიტანა - დღემდე თითქმის ყველა პოლიტიკურ აქტორს ჰგონია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ოპონენტის განადგურება შესაძლებელი და აუცილებელია. ბოლო პერიოდში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ოპონენტის პოლიტიკურად მოსპობას ვერ ახერხებდა, მისი პოლიტიკური სივრციდან ფიზიკურად მოშორებას - ციხეში გამოკეტვას, მიჰყო ხელი.

„პოსტლენინისტური“ აზროვნების ჩარჩოდან გამოსვლას თან უნდა სდევდეს კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დანერგვა. აშშ-ში მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ პოლარიზაციასთან გამკლავება ყველაზე დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც კი უჭირთ. ჩვენთან დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტები (სასამართლო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ა.შ.), ფაქტობრივად, არ არსებობს და შესაბამისად, წარმოუდგენლად რთულდება პოლარიზაციის შემცირებაც.

სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით „ქართულმა ოცნებამ“ მიგვანიშნა, რომ მას ახალ თამაშის წესებზე გადასვლის არანაირი სურვილი არ გააჩნია. ამ ფონზე, ის რომ პასუხისმგებლობა პოლარიზაციის შემცირებაზე მმართველ ძალას ეკისრება, დროებით უნდა დავივიწყოთ და ოპოზიციამ თავის თავზე უნდა აიღოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნის ამოცანა - გააერთიანოს ადამიანები საერთო დემოკრატიული მიზნების ირგვლივ.

ეს უნდა იყოს გაერთიანება არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის - მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ ან „ლელოს“ ირგვლივ, არამედ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა დემოკრატიული თამაშის წესების უზრუნველსაყოფად.

2012 წელს „ქართული ოცნება“ მოვიდა „გასაოცარი დემოკრატიის“ შექმნის დაპირებით. განვლილმა წლებმა გვაჩვენა, რომ საქართველო მსოფლიოს თვალშიც კვლავ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ჰიბრიდულ რეჟიმად დარჩა, რომელშიც ხელისუფლება ოპოზიციას დევნის და ამისათვის სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს იყენებს.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის პროცესი მუდმივად ფერხდებოდა საზოგადოების პასიურობაა. მაგალითად, 2012 წელს საზოგადოების უმრავლესობა, ფაქტობრივად, ბრმად ენდო ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. დაახლოებით იგივე მოხდა 2003 წელსაც, როდესაც პროგრესული იდეების მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა დემოკრატიზაციის სირთულეები და ძალაუფლების ცდუნების ძალა სათანადოდ ვერ შეაფასა. ეს შეცდომები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.

იმისათვის, რომ წარსული შეცდომები აღარ გავიმეოროთ, უნდა შევქმნათ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი კონკრეტული ღირებულებების და პოლიტიკური რეფორმების გარშემო. მაგალითად, საჭიროა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამართლიანი არჩევნები არის ყველა ჩვენგანის - მათ შორის, “ქართული ოცნების“ და“ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ინტერესებში, ისევე, როგორც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო და პროკურატურა. ასევე, წესით, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალს ან საარჩევნო პროცესში ჩარევას უკრძალავს. ეს არის ცივილიზებული არსებობისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არის.

პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა და საერთო ღირებულებებზე შეთანხმება არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ აწმყოში დაამარცხებს ავტორიტარიზმს, არამედ მომავალშიც დაგვიცავს ცალკეული ხელისუფლებების ავტორიტარული მიდრეკილებებისგან.

სხვანაირად, ვერასდროს გავხდებით დასავლური დემოკრატიების კლუბის წევრი, სადაც ოპონენტებს პოლიტიკურად არ დევნიან და დემოკრატიულ ღირებულებებს ეჭვის ქვეშ არ აყენებენ. პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერებმა უნდა გაითავისონ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ჭეშმარიტება. დანარჩენებმა კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთო ღირებულებითი პლატფორმიდან ხელისუფლებაზე ზეწოლას გავაძლიეროთ ისე, რომ მრავალჯერ იმედგაცრუებული და ყველაფერზე ხელჩაქნეული საზოგადოების ნდობა დავიმსახუროთ. თუ უახლოეს მომავალში პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი დემოკრატიზაცია შევძელით, ეს გაგვიხსნის გზას ევროკავშირისკენ, რაც არნახულ ეკონომიკურ და სოციალურ აღმასვლას მოგვიტანს. ვფიქრობ, ამ ყველაფრისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG