Accessibility links

site logo site logo

კონგრესმენები: ქართველი ხალხის მძიმე შრომა უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის საფრთხის წინაშეა


„ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე სამუშაო უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, სერიოზული საფრთხის წინაშეა გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო“, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის, კომიტეტის წევრის, მაიკლ მაკკოლის და „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის ერთობლივ განცხადებაში.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ როგორც საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდ ხანია მხარს უჭერენ დემოკრატიისადმი საქართველოს ერთგულებას, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი იყო.

ამერიკელი კონგრესმენები პოლიტიკური უთანხმოების მშიდობიანად მოსაგვარებლად „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდებენ სიტუაციის დეესკალაციისა და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობისკენ, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის გზას.

კონგრესმენები შიშობენ, რომ უმცირესობის პარტიებთან მუშაობის უნარის არარსებობა ხელს შეუშლის პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

23 თებერვალს, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მეორე დილას. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა 18 თებერვალს გადამდგარი გიორგი გახარია, რომელმაც გადადგომის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG