Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბრალი წაუყენა შატილთან მომხდარი ავტოკატასტროფის გამო დაკავებულებს


საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წაუყენა შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის გამო დაკავებულებს - ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ დირექტორს და კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრეს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის მესაკუთრემ და ტურისტული კომპანიის დირექტორმა, როგორც სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელმა პირებმა, ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი, რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო, ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, მიკროავტობუსს კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო კუსტარულად - მავთულებით და მიკროავტობუსს გავლილი არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება.

პროკურატურის განცხადებით, ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რომ ემოქმედათ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას ექსპლუატაციაში არ გაუშვებდნენ და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

პროკურატურის განცხადებამდე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურისტული კომპანია „თრეველ ჯის“ დირექტორი და კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე მოსამართლის განჩინებით დააკავეს. მათ ბრალად ედება ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, „თრეველ ჯის" დირექტორის ადვოკატმა სამშე მჟავანაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის განცხადებით, საქმის დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

2020 წლის 23 აგვისტოს, მიკროავტობუსი, რომელშიც ადგილობრივი ტურისტები იმყოფებოდნენ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი. 3 მძიმედ დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG