Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ვახო სანაიაზე თავდასხმას "ძალადობის დაუსჯელობის სინდრომს" უკავშირებენ


20-მდე პოლიტიკური პარტია "ფორმულას" ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას "ძალადობის დაუსჯელობის სინდრომს" უკავშირებენ. ისინი ამგვარ ძალადობას გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"მივიჩნევთ რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა. ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, "ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "გამარჯვებული საქართველო", "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" , "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", "ლელო საქართველოსთვის", "ტრიბუნა", "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", "ახალი ქრისტიან დემოკრატები", "სამართლიანობისთვის", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ევროპული დემოკრატები", "კანონი და სამართალი", "რესპუბლიკური პარტია", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "გირჩი - თავისუფლებისთვის", "თავისუფალი დემოკრატები", ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი და შალვა შავგულიძე.

საკითხს გამოეხმაურნენ უმრავლესობაშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ძალადობა დაგმო და თქვა:

"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს".

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG