Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ქარტია სანაიაზე თავდასხმაზე: ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს "ფორმულას" წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას და ეფექტიანი და სწრაფი გამოძიების იმედს გამოთქვამს. ორგანიზაცია ჟურნალისტზე თავდასხმას ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას უკავშირებს.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე... ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG