Accessibility links

site logo site logo

მედიაკოალიცია ვახო სანაიაზე თავდასხმას "მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების" შედეგს უწოდებს


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს საზოგადოების ნაწილს თავს დაესხან მათ სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში. ასე გამოეხმაურა მედიაკოალიცია "ფორმულას" ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.

"კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციების მიმართვა:

  • "მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და დროული რეაგირება მოახდინონ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით";
  • "მოვუწოდებთ მმართველ პარტიას უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ";
  • "მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს".

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG