Accessibility links

site logo site logo

პუტინს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სთხოვეს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თხოვნით, წერილი გაუგზავნა „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ. ინფორმაცია რუსეთში მოქმედი ამ ორგანიზაციის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

ცეცხლაძე პუტინს წერს, რომ „კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, რუსეთის მოქალაქეებს საზღვრებს უხსნის სულ უფრო მეტი ქვეყანა“ და მათ შორისაა საქართველო, რომელიც 1 მარტიდან მზად არის რუსეთის მოქალაქეების მისაღებად PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში. პუტინს თხოვენ, განიხილოს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობა.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

24 თებერვალს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კიდევ 6 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი დაამატა ჩამონათვალს იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ, თუკი საჰაერო გზით ჩამოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფით პასუხს და საკუთარი ხარჯით ტესტს გაიკეთებენ ჩამოსვლიდან მესამე დღესაც.

მანამდე ამ ჩამონათვალში იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროს, ბაჰრეინის და თურქეთის მოქალაქეები და რეზიდენტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG