Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოდიან თუ არა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში COVID-ვაქცინის ყალბი ცნობით?


Купить сертификат о вакцинации против ковид - თუკი რუსულ საძიებო საიტზე ამ სიტყვების კომბინაციებს ჩაწერთ, პირველივე ცდაზე, არაერთი პორტალი „ამოგიხტებათ“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს COVID19-ის საწინააღმდეგო აცრის ყალბ სერტიფიკატს სთავაზობს, ცხადია, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. საიტები მომხმარებლებს სთავაზობენ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ დოკუმენტაციას, შესაბამისი ნომრით, ბეჭდითა და ექიმის ხელმოწერით და ამგვარ გარიგებას „ცნობის ოფიციალურად შეძენას“ უწოდებენ. მთავარია, ყალბი ცნობის მსურველმა, პორტალზე მითითებულ ველებში ჩაწეროს პირადი მონაცემები, დაარეგისტრიროს მოთხოვნა და მას უახლოეს პერიოდში დაუკავშირდება „სპეციალისტი“, რომელიც დოკუმენტის ღირებულების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

მაგალითად, აი ეს საიტი, „სამედიცინო ცნობების გაფორმება“, ყალბი დოკუმენტის მიღებით დაინტერესებულ პირებს ვრცელ ე.წ. საინფორმაციო ტექსტსაც სთავაზობს და აღწერს, თუ რატომ და ვისთვის არის უპრიანი ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის „ოფიციალურად შეძენა“.

"ვაქცინაციის გარეშე ცნობის ოფიციალურად შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება ვაქცინის უსაფრთხოებაში, თუმცა, ამ ცნობას სთხოვენ სამსახურში, სხვა ქვეყანაში გადასაადგილებლად და ა.შ. ეჭვის საფუძველი კი მრავალია. არის თუ არა ის მართლაც ეფექტური? რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის გამოყენებას? ჩვენს მიერ გაცემული დოკუმენტი ორიგინალი ცნობის ანალოგია. ცნობა სრულყოფილადაა შევსებული. ხელმოწერილია ექიმის მიერ. გაძლევთ ცნობის ხარისხის გარანტიას, შეკვეთის დროულ მიწოდებას. მოსკოვის ფარგლებში იმავე დღეს“.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, სწორედ ასეთი, ვაქცინაციის გაყალბებული დოკუმენტით შემოვიდა საქართველოში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის, ოთხსულიანი ოჯახი. ისინი საქართველოში მოსკოვი-სტამბოლი-თბილისის გავლით ჩამოვიდნენ და ამბობენ, რომ ცნობის წარდგენისას, საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ:

„რუსეთში ცნობები, ალბათ სტალინის დროიდან იყიდება. ჩვენ უკვე წლებია ცნობებს ერთი და იმავე პირისგან ვყიდილობთ. ამჯერად გადავწყვიტეთ, სხვაგან გვეყიდა. გადავწყვიტე, რომ რაკი ცოლ-შვილით მოვდიოდი, არ გამერისკა. საფრთხე იყო არა თავად ცნობებთან დაკავშირებით, არამედ საზღვარზე“.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან, საქართველოში შემოსვლის ახალი წესები და პირობები ამოქმედდა.

ერთ-ერთი წესი და პირობა, სწორედ ვაქცინირებული პირების შემოსვლას შეეხება. როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, „კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლის წესის თანახმად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა“.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მთავრობის დადგენილებაში არ არის მითითებული თუ რა ტიპის ვაქცინა იგულისხმება „ნებისმიერ ვაქცინაში“ და იგულისხმება თუ არა ის ვაქცინაც, რომელიც არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და არც „ევროპის წამლის სააგენტოს“ ავტორიზაცია აქვს გავლილი. ერთ-ერთი ასეთი ვაქცინა სწორედ Sputnik V - ია, რომლითაც რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს უკვე გასული წლის დეკემბრიდან ცრის.

პირველი თებერვლიდან ამოქმედებული რეგულაციების თანახმად, საქართველოში ჩამოსული სრულად ვაქცინირებული უცხოეთის მოქალაქეები არ საჭიროებენ არც სავალდებულო და არც ნებაყოფლობით თვითიზოლაციას, არც PCR ტესტის უარყოფით პასუხს, განსხვავებით იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი. მთავრობის დადგენილებით, არავაქცინირებული უცხოეთის მოქალაქეებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, როგორც ჩანს, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, ყალბი PCR ტესტებითაც ახერხებს საქართველოში შემოსვლას. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ის საქართველოში რამდენიმე ხნის წინ ყალბი PCR ტესტის ცნობით ჩამოვიდა:

„მე, ასე ვიყიდე ჩემთვის ტესტის ცნობა და ჩამოვედი საქართველოში. არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ეს ხომ ფორმალობაა. საქართველოში ცნობის ნამდვილობის გადამოწმება მაინც ხომ შეუძლებელია“.

ერთ-ერთი გზა, გადაამოწმო ვაქცინაციის შესახებ ცნობა ყალბია თუ არა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პორტალი „გოსუსლუგი“-ა. ამ პორტალზე დარეგისტრირებულ რუსეთის მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის მომსახურების, მათ შორის, სოციალური და სამედიცინო ტიპის მომსახურების მიღება შეუძლიათ. სწორედ ამ პორტალზე იტვირთება ინფორმაცია პირის ვაქცინაციის შესახებ. ინსტრუქციის თანახად, მას შემდეგ, რაც მოქალაქე ვაქცინის ორ დოზას ჩაიტარებს, მას მისდის სატელეფონო QR-კოდი, რომელსაც არეგისტრირებს პორტალზე, შეჰყავს პირადი მონაცემები და ამის შემდეგ უკვე შეუძლია ელექტრონული ცნობის ჩამოტვირთვაც. ეს მომსახურება პორტალზე იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, საიტი ჯერჯერობით გაუმართავია და ყველა აცრილი მოქალაქე ვერ ახერხებს ამ მომსახურების მიღებას. ამ დროის მონაცემებით, პორტალს სულ 34 ათასი ელექტრონული ცნობა აქვს გაცემული.

ის, რომ რუსეთში ვაქცინაციის ყალბი ცნობების გაცემის კორუფციული სქემები სულ უფრო იკიდებს ფეხს, ამაზე რუსული მედიაც წერს. ჟურნალისტები წერენ იმაზეც, რომ რიგ შემთხვევებში, გარკვეული პორტალები თაღლითური გზით, წინასწარ იღებენ მომხმარებლისგან ყალბი ცნობის საფასურს, ცნობას კი ან საერთოდ არ აძლევენ პირს ან თუ აძლევენ, დოკუმენტი იმდენად დაბალი ხარისხითაა ფალსიფიცირებული, რომ მისი ამოცნობა ნებისმიერ უწყებაში მარტივადაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ამ გზით დამზადებული ცნობა ვერ მოხვდება პორტალზე „გოსუსლუგი“.

თუმცა, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ვაქცინაციის ყალბი ცნობის დამზადება, პორტალზე „გოსუსლუგი“ ატვირთვა და შემდეგ, ამავე პორტალიდან ყალბი ელექტრონული ცნობის ჩამოტვირთვა, 17 000 რუბლი, დაახლოებით, 800 ლარი ჯდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ვაქცინაციის ცნობები ყალბდება, ცნობილია რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურისთვის, რუსეთის ხარისხის სისტემისთვისაც (Роскачества). რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, „როსკაჩესტვას“ მონაცემებით, ყალბი ცნობის შეძენით დაინტერესებულ პირს, დოკუმენტის მისაღებად სთხოვენ როგორც თანხას, ასევე „გოსუსლუგი“-ს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, სახელსა და პაროლს, იმ მიზნით, რომ ვაქცინაციის ყალბი ცნობა პორტალზე აიტვირთება. უწყებაში აცხადებენ, რომ ცნობების ფალსიფიცირების მასშტაბი, ჯერჯერობით, დიდი არ არის.

რუსული მედიის ცნობითვე, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების რუსეთის ფედერალური სამსახური (Роскомнадзор), მაქსიმალურად ცდილობს იმ პორტალების დაბლოკვას, რომლებიც მომხმარებელს ვაქცინაციის ყალბი ცნობების დამზადებას სთავაზობს, თუმცა, ამ ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნა ინტერნეტ-სივრცეში კვლავ მაღალია.

არის თუ არა დაფიქსირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ საქართველოს საზღვარზე ყალბი PCR ტესტის ან ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტით გადმოკვეთის მცდელობის ფაქტები და რა ბერკეტები აქვთ მესაზღვრეებს იმისათვის, რომ საზღვარზე შეამოწმონ მგზავრების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა და გამოავლინონ ყალბი დოკუმენტები? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ შსს-ს მიმართა.

რადიო თავისუფლების კითხვებზე, უწყებიდან დღის ბოლოს მივიღეთ ზოგადი წერილობითი პასუხი. შსს-ში გვპასუხობენ, რომ საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეთა დოკუმენტაცია მოწმდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით. რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, კოვიდ-პანდემიის მართვის პროტოკოლების ნუსხაში მსგავსი პროტოკოლი ვერ მოიძია. თუ არ ჩავთვლით პროტოკოლს, "საჰაერო ტრანსპორტში დასაქმებულთა და მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების" შესახებ, სადაც არაფერია მითითებული მგზავრთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების წესების შესახებ. რადიო თავისუფლებამ დეტალების გარკვევა ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურთანაც სცადა, თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება შსს-სგან მიღებულ სხვა ინფორმაციას, უწყება რადიო თავისუფლებას სწერს: "უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ ორჯერ გაკეთებული კოვიდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, გარდა განსაზღვრული ქვეყნებისა და ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციასაც ეხება, მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ ასევე ბიზნეს აპლიკაციის მეშვეობით. რომელთა მომწვევი სპეციალური მხარეები არიან. აქედან გამომდინარე, რა კატეგორიის ვიზიტორებზეა საუბარი, გთხოვთ მოგვწეროთ ოფიციალურად".

იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის უმეტესი ქვეყანა საზღვრის კვეთისას უკანასკნელ საათებში ჩატარებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხსა და რიგ შემთხვევაში, კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობებს ითხოვს, ევროკავშირის პოლიციის სააგენტოს, ევროპოლის მონაცემებით, ევროპის ძირითად აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში, ფიქსირდება ყალბი დოკუმენტების გაყიდვის ფაქტები. ასეთი ყალბი ცნობების ყიდვა-გაყიდვის ფაქტები დაფიქსირდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის აეროპორტებში. ყალბი სერტიფიკატები ევროპაში 150 ევროდან 300 ევრომდე მერყეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG