Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვახო სანაიას თავდასხმას სახელმწიფომ მკაცრად უნდა უპასუხოს


საქართველო სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ "ფორმულას" ჟურნალისტზე, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს. მისი თქმით, ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია.

"თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები... მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა", - ვკითხულობთ ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG