Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა მელიას საჩივარი სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო


თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე საჩივარი. გადაწყვეტილება სასამართლომ ვადის ამოწურვის ბოლო წუთებში მიიღო.

"ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად; საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე ვალდებულია - განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს", - აღნიშნავენ სააპელაციო სასამართლოში.

მოქმედი კანონმდებლობით, საქმის არსებითი განხილვისას გამოტანილი აღკვეთის ღონისძება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა მელიას ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და შესაბამისი უფლება ჰქონდათ.

მაშინ მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა, ნიკა მელიას საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერებული იქნებოდა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG