Accessibility links

site logo site logo

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, განჩინება, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს, ძალაში აღარ არის


დიმიტრი საძაგლიშვილი

პროკურატურის ბრიფინგს „მთავარი არხის“ ეთერში გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. როგორც ის ამბობს, განჩინება, რომელიც პროკურატურამ დაასახელა, ძალაში აღარ არის.

„პროკურორი გვესაუბრება, რომ 3 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული გირაო გადაიხადოს ნიკა მელიამ და მზად ვართ, მივმართოთ სასამართლოსო. ის განჩინება ბუნებაში აღარ არსებობს, აღარ არის ძალაში, იმიტომ, რომ სასამართლომ შეცვალა იმ განჩინებით გამოყენებული გირაო პატიმრობით“, - განმარტა მელიას ინტერესების დამცველმა.

ადვოკატის თქმით, თუკი ხელისუფლებას სახის შენარჩუნება და არსებული სიტუაციიდან გამოსავალი უნდოდა, დაცვის მხარეს საჩივარი ჰქონდა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში და შესაძლებელი იყო დაკმაყოფილება, თუმცა წარმოებაში არ მიიღო.

„გარკვეულწილად ეშმაკობს ხელისუფლება. მას უნდა გამოსავალი იპოვოს, მაგრამ არ უნდა, რომ ეს თავის ხარჯზე მოხდეს, მათ შორის, არ უნდოდათ, რომ შეეფუთათ, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი [პროკურატურის განცხადება] გათვლილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის: „რომ მივეცით შანსი და არ იყენებს“. ეს არ არის ახალი გარემოება, პროკურატურა და ხელისუფლება 5 თებერვლიდან საუბრობს ამის [გირაოს გადახდის] შესახებ“, - ამბობს საძაგლიშვილი.

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს, 25 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე თქვა: „დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“.

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა მელიას საჩივარი. მოქმედი კანონმდებლობით, საქმის არსებითი განხილვისას გამოტანილი აღკვეთის ღონისძება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა მელიას ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია. მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა, ნიკა მელიას საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერებული იქნებოდა.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა. მელიამ პირველ ჯერზე გადაიხადა 30 000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა. რასაც მოჰყვა პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების დამძიმების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა.

18 თებერვალს თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. ნიკა მელია 23 თებერვალს, დილით, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს.

მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG