Accessibility links

site logo site logo

როცა ორ ქალს უყვარს ერთმანეთი


“ჩვენ ორნი” (“Deux”, “Two of us” საფრანგეთი, რეჟისორი ფილიპო მენეგეტი)

ფილიპო მენეგეტის სახელი არაფერს გეტყვით. “ჩვენ ორნი” ახალგაზრდა რეჟისორის დებიუტია მხატვრულ კინოში და ძალიან წარმატებული დებიუტი - საფრანგეთმა ეს სურათი ამერიკულ “ოსკარზე” წარადგინა. “ჩვენ ორნი” უკვე დასახელდა კინოაკადემიის პრემიის ფინალისტ ნომინატებს შორის, რაც ასევე დიდი გამარჯვებაა. მით უმეტეს, რომ მენეგეტი შეეხო დელიკატურ თემას - პენსიონერი ქალების სიყვარულს. ცხადია, ლესბოსური სიყვარულის თემით ევროპაში ვერავის გააკვირვებ. დღეს უკვე - ამერიკაშიც. მაგრამ “ჩვენ ორნი” მნიშვნელოვნად გამოირჩევა იმისგან, რაც გვინახავს - ფილმის გმირები 70 წლამდე ქალები არიან. სურათის პრემიერის შემდეგ ფილიპო მენეგეტი მოყვება, როგორ ცდილობდნენ პროდიუსერები მის გადარწმუნებას ჯერ კიდევ სცენარზე მუშაობის დროს, როგორ სთავაზობდნენ შეეცვალა ფილმის გმირები ახალგაზრდა ქალებით - ვითომდა მეტი რომანტიკისთვის. არადა, პროდიუსერებს, ვფიქრობ, სულ სხვა მიზანი ჰქონდათ - ახალგაზრდა ლესბოსელი ქალები არა იმდენად რომანტიკას, რამდენადაც ეროტიკულ მუხტს შემატებდნენ ფილმს. “სინამდვილეში, მთხოვდნენ, - წერდა ფილიპო მენეგეტი, - გადამეღო ფილმი ისევ და ისევ ჰეტეროსექსუალი მამაკაცების სურვილებისა და ვნებების დასაკმაყოფილებლად. ყველამ იცის, რომ ლესბოსური ეროტიკა კარგად იყიდება”.

ორი ასაკოვანი ქალი, მადლენი და ნინა, მეზობლები არიან, ერთ სართულზე ცხოვრობენ. აღმოჩნდება, რომ მათ დიდი ხნის რომანი აქვთ, თუმცა გარშემო მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი იციან. ნინა გაუთხოვარი დარჩა, მადლენს კი ორი შვილი ჰყავს ქორწინებიდან, რომელიც კარგად სულაც არ ახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ შვილები დარწმუნებული არიან, მათ მშობლებს გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი. ნინას და მადლენს პარიზში რომ ეცხოვრათ, ანდა, ნიუ-იორკში, მათ, ალბათ, არც არაფერი ექნებოდათ დასამალი. მაგრამ არა, ცხოვრობენ პროვინციაში, სადაც ჰგონიათ, რომ ვერავინ გაუგებს, თვით საყვარელი ადამიანებიც კი.

ერთი შეხედვით, “ჩვენ ორნი” დაბალბიუჯეტიანი კამერული დრამაა, ტიპიური ევროპული “არტ-ჰაუზი”, განტვირთული გარემოთი და მსახიობების ახლო ხედებით. თუმცა სწორედ ფილმის რეჟისორის პრინციპულობა, მისი სურვილი გვიამბოს ასაკოვანი ქალების სიყვარულზე, გადააქცევს სურათს ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებად.

პლასტიკური ქირურგიის პოპულარობამ, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად იმოქმედა კონკრეტულად კინოს ენაზე თუ არა, კინოინდუსტრიაზე ნამდვილად. მარტინ სკორსეზე გულდაწყვეტილი აღნიშნავდა, რომ ჰოლივუდში სულ უფრო ძნელი ხდება მიაგნო შუახნის მსახიობს, რომელსაც არა აქვს “დაფილირებული და დაბოტოქსებული” სახე. არადა, კინოკამერა სახეშეცვლილი გარეგნობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ხშირია შემთხვევა, როცა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მსახიობი სთხოვს რეჟისორს და ოპერატორს უარი თქვან ახლო ხედებზე, რათა მაქსიმალურად შენიღბონ ის, რაც გადაკეთდა, რამაც ფორმა იცვალა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პლასტიკური ქირურგია უკვე კინოხელოვნების მანიპულაციასაც კი იწყებს. ხელოვნური და არაბუნებრივი აგრესიულად იჭრება იქ, სადაც სიყალბის აუტანლობა ყოველთვის იგრძნობოდა, იჭრება კინოხელოვნებაში, რომელსაც ხელოვნების ტრადიციულ დარგებს შორის “ფიზიკური რეალობის” ყველაზე მძლავრ რეაბილიტატორს უწოდებენ ხოლმე.

“ჩვენ ორნი” ორი გენიალური მსახიობის, ბარბარა ზუკოვას და მარტინ შევალიეს ბენეფისია. ბარბარა ზუკოვა “ახალი გერმანული კინოს” ვარსკვლავია, რაინერ ვერნერ ფასბინდერის, მარგარეტ ფონ ტროტას მუზა. მარტინ შევალიე კი - “კომედი ფრანსეზის” ვარსკვლავი, რომელმაც, პირველ რიგში, შექსპირის, მოლიერის, კამიუს, ბრეხტის პიესებში განსახიერებული როლებით გაითქვა სახელი. ბარბარა ზუკოვა ამბობს, რომ მას და მის პარტნიორს, როგორც ჰეტეროსექსუალ ქალებს, ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა მოუხდათ - იმ ქალების თამაში, რომელთა ცხოვრების წესზე და, რაც მთავარია, რომელთა გრძნობებზე, ვნებებზე თითქმის არაფერი იცოდნენ. თავიდან ისინი ლგბტ-ადამიანების პრეტენზიებს ელოდნენ და პასუხიც მზად ჰქონდათ. “მე ებრაელი არა ვარ, - აღნიშნა ბარბარა ზუკოვამ, - მაგრამ არაერთხელ განვასახიერე ებრაელი ქალი. ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ ვითამაშე ლესბოსელი. მრავალი შედევრი შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა ავტორებმა გაბედეს და წარმოიდგინეს თავი განსხვავებულ ადამიანებად. ესაა მაყურებლის გამოცდაც: თეატრი და კინო ეხმარება მაყურებელს შეხედოს სამყაროს სხვა ადამიანის თვალით, გაიაროს მისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის ცხოვრება. ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ არტისტებს - ითამაშონ იმ სამყაროს მკვიდრნი, რომელსაც თავად არ მიეკუთვნებიან”.

ლგბტ-სამყარომ მსახიობების ნიჭი და მონდომება დააფასა. “ჩვენ ორნი” დიდი წარმატებით უჩვენეს ლგბტ ფილმების ფესტივალზე ამსტერდამში, ტორონტოში, პეტერბურგში. ზუკოვას და შევალიეს ოსტატობასთან ერთად თითქმის ყველა კრიტიკოსი აღნიშნავდა ფილიპო მენეგეტის სურათის, შეიძლება ითქვას, პრინციპულ გამიჯვნას სანახაობრიობისა და ვუაიერიზმისგან. ძალიან ძნელია, სარისკოა ახლოდან გადაიღო გაჭაღარავებული ქალის ღრმად დანაოჭებული სხეული და შეძლო მაყურებლის ყურადღების გადატანა ადამიანების თვალებზე, მზერაზე. არსებითად “ჩვენ ორნი” არის ფილმი, აგებული “მზერის დრამატურგიაზე”. სურათის ავტორები გვარწმუნებენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ნაოჭები ექნება ადამიანს სახეზე, სხეულზე, რადგან მისი ხასიათი, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება, მგრძნობიარობა, სიღრმე, პირველ რიგში, თვალებში აისახება.. და როცა სიყვარული ისეთი ძლიერია, როცა ვნება ისეთი ძლიერია, როგორც ფილიპო მინეგეტის ფილმში, ის აღარ რჩება ეკრანზე, ის მართლა გადაედება მაყურებელს.

“ჩვენ ორნი” არაა მოკლებული ლიტერატურულ, კულტურულ ალუზიებს. ჩეხოვი ყველას გაგახსენდებათ - პენსიონერი საყვარლები ოცნებობენ გადასახლდნენ რომში, მათი სიყვარულის ქალაქში, მაგრამ ამისათვის მადლენმა სიმართლე უნდა უთხრას თავის შვილებს... ჰოდა, როგორ უნდა გააკეთო ეს? როგორ უნდა აღიარო, რომ მთელი ცხოვრება ატყუებდი საყვარელ ადამიანებს?

ამ კითხვაზე პასუხი ფილმში არ არის. ისევე როგორც ცხოვრებას არა აქვს რეცეპტები ასეთ რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. მაგრამ ფილმში (ისევე როგორც ცხოვრებაში) არის სხვა რამ - არის მშვენიერება წამისა, რომელიც აღარასდროს განმეორდება. საბოლოო ჯამში კი, - მშვენიერება ცხოვრებისა, როგორი მძიმე და აუტანელიც არ უნდა იყოს ის ადამიანებისთვის. კარგად წერს ამაზე ბარბარა ზუკოვა, როცა რაინერ ვერნერ ფასბინდერთან მუშაობის დროს იხსენებს: “ლოლაში” იყო სცენა, რომელშიც ლიფით უნდა გამოვჩენილიყავი. წინა დღეს სარკეში ჩავიხედე და გავიფიქრე, ვაიმე, როგორ მაქვს ძუძუები ჩამოკიდებული. 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახე ფილმი და ჩემს თავს ვუთხარი, რა მაგრად გამოვიყურებოდი თურმე...ახლა, როცა ვინმე მაკრიტიკებს, წარმოვიდგენ ჩემს თავს 20 წლის შემდეგ. როგორ აღვიქვამ ჩემს სხეულს? რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მშვენივრი ქალი ვიყავი 70 წლის ასაკში”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG