Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიები საერთო მიმართვას ავრცელებენ


პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და სხვები საერთო მიმართვას ავრცელებენ. საერთო მიმართვაში საუბარია ვადამდელ არჩევნებსა და "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე.

"ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება. და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ სისტემით და წესებით რაც მოლაპარაკებებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებშია ასახული. ესაა საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება.

ახლა ოცნების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკანდახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია.

ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი, ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი.

დღეს ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს ქართული ოცნების თავზე. ივანიშვილის რეჟიმის ამ მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა, "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც აქციაზე შეკრებილ ადამიანებს საერთო მიმართვა გააცნო.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობას თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზეც გაკეთდა. ახლა აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG