Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანაიას საქმეზე პროკურატურამ 3 პირს ბრალი ძალადობისთვის, დევნისა და მუქარისთვის წაუყენა


საქართველოს პროკურატურამ "ფორმულის" წამყვანზე, ვახო სანაიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს ბრალი სამი მუხლით წაუყენა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავება. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

  • მუხლი 126 - ძალადობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 151 - სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 156 - ადამიანის დევნა ძალადობით - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

"საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს", - განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურორის თქმით, სასამართლოს უკვე მიმართეს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG