Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის „ოქროს ბირჟის" საქმე: უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო ზუგდიდში „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელის სროლის შედეგად გარდაიცვალების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით).

საქმე ეხება ზუგდიდში დევნის ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები - ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით, „დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“.

რუსთაველის ქუჩაზე ყაჩაღობის ფაქტი დღის პირველ ნახევარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG