Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია და სამოქალაქო საზოგადოება ერთობლივი მანიფესტით ხელისუფლებას მიმართავენ


დაიწყო ხელმოწერები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტზე, რომელიც მიზნად ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მანიფესტში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში კრიტიკული მედიისადმი აგრესიული დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ მათი მონათვლა პოლიტიკურ ოპონენტებად ჟურნალისტებზე მორიგ თავდასხმებს ახალისებს.

გთავაზობთ მანიფესტის სრულ ტექსტს:

„2020-2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მარალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.

  • ჩვენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს უზრუნველჰყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმი;
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედია-გარემოს“, - აღნიშნულია მანიფესტში, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ არსებული აგრესიული რიტორიკის შედეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG