Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილი ქაბულში ჩავიდა ავღანეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად


ზალმაი ხალილზადის და აბდულა აბდულას შეხვედრა ქაბულში, 2021 წლის 1 მარტი
ზალმაი ხალილზადის და აბდულა აბდულას შეხვედრა ქაბულში, 2021 წლის 1 მარტი

ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადი ქაბულში ჩავიდა 1 მარტს ამ ქვეყნის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. იქიდან ხალილზადი კვლავ დაბრუნება ყატარში, სადაც თალიბანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა დასრულდეს თითქმის ოცწლიანი ომი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა 28 თებერვალს, რომ ხალილზადი და მისი გუნდი ასევე ესტუმრებიან რეგიონის დედაქალაქებს, რათა გააგრძელონ ძალისხმევა „სამართლიანი და მდგრადი პოლიტიკური მოგვარების და მტკიცე და მრავლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“.

განცხადებაში სხვა დეტალები მოყვანილი არაა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს თალიბანთან 2020 წლის თებერვლის შეთანხმებას, რომლის პირობით, აშშ-ის და უცხოეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ავღანეთი 1 მაისისთვის. სექტემბერში ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის დოჰაში დაწყებული მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ თავდაპირველი მოლაპარაკების პირობების დარღვევაში.

1 მარტს აშშ-ის წარგზავნილმა ქაბულში მოლაპარაკება გამართა აბდულა აბდულასთან, ავღანეთის ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან.

„განვიხილეთ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა, მოლაპარაკება დოჰაში, აშშ-ის პოზიცია და მომავალი ნაბიჯები. ჩვენ კვლავ დავადასტურეთ, რომ მოვითხოვთ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკების დაჩქარებას“, - დაწერა ტვიტერში აბდულამ შეხვედრის შემდეგ.

თალიბანმა შეწყვიტა თავდასხმები ნატოს სამხედროებზე, მაგრამ გააძლიერა ავღანეთის მთავრობის ჯარზე იერიშები და უარყო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებები.

საეჭვოა, შეძლებს თუ არა თალიბანი ალ-ყაიდასთან კავშირების გაწყვეტას და ავღანეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორიზმის მოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფას, რასაც შეთანხმება ავალდებულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG