Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სვიატლანა ციხანოუსკაიას ექსტრადიციის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა


ბელარუსის საგამოძოებო კომიტეტმა სამშაბათს ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას. „დღეისათვის ციხანოუსკაიაზე გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია ასევე, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ნდობით აღჭურვილი 4 პირის მიმართ დასრულდა გამოძიება.
მათ ბრალი ედებათ მასობრივი არეულობების მოწყობასა და ქალაქ გომელის სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებაში.

ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, საქმეზე მთავარი ბრალდებულები 6-დან 8 აგვისტოს პერიოდში დააკავეს და ყველა მათგანი პატიმრობაში იმყოფება.

დამოუკიდებელ პორტალ Tut.By-ის ცნობით, სვიატლანა ციხანოუსკაიაზე ძებნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. მოსკოვში განმარტეს, რომ თავად რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს ციხანოუსკაიას მიმართ არავითარი საქმე არ აღუძრავთ, მაგრამ ბელარუსი პოლიტიკოსი ძებნილთა სიაში შეიყვანეს სხვა სახელმწიფოს ინიციატივის შედეგად.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ციხანოუსკაიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია ცხოვრობს ლიეტუვაში, სადაც უსაფრთხოების მოსაზრებებით წავიდა ბელარუსიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს. ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

31 იანვარს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნეუსედამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია და „მთელი ბელარუსელი ხალხი“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ნობელის კომიტეტში გამარჯვებულს ნოემბერში გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG