Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: რაც მოხდა გუშინ ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით ორბელიანების სასახლეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის გამართულ დიალოგს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას. თუმცა, რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის.

ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გუშინ, 1 მარტს შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 2 მარტს, აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებით ოპოზიცია აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ეს „წითელ ხაზად“ რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG