Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასილიტაციიდან მედიაციამდე: რა (არ) შეიცვალა პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპონტანური ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩიხში შესული დიალოგი განახლდა და უფრო მაღალ დონეზეც გადავიდა. პროგრესი ბრიუსელში ორ კვირაში უნდა შეფასდეს, თუმცა მოლაპარაკების მეორე დღესვე - მმართველი პარტია ისევ ავლებს „წითელ ხაზებს“, ოპოზიცია კი ხმაურიან საპროტესტო აქციებს განაგრძობს.

შედეგი: არაფერი კონკრეტული

დიალოგის სამთვიანი წყვეტისა და ასობით პოლიციელის მონაწილეობით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, 1 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები და კრიზისის გადაჭრის ვერსიები.

გადაწყდა, რომ ევროკავშირი მოირგებს პროცესის მედიატორის როლს - გახდება დიალოგის სრულუფლებიანი მონაწილე, შეაფასებს მხარეების პოზიციებს და, სავარაუდოდ, შესთავაზებს მათ იდეებს ჩიხიდან გამოსვლისა და პოლარიზაციის შემცირებისთვის. აქამდე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ელჩები უბრალოდ ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებდნენ - პასუხისმგებლობას იღებდნენ მოლაპარაკებების მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე. ეს ფორმატი დეკემბერში გაწყდა.

პრეზიდენტმა მიშელმა მხარეებს, ასევე, წარუდგინა მოლაპარაკების ჩარჩო, ექვსი საკითხი, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს დისკუსია:

  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
  • პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;
  • პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიისა და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;
  • პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის;
  • ფასილიტაცია-მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.

როგორც შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უპირველესი მიზანი ერთმანეთის მოსმენა იყო, „რათა დავრწმუნებულიყავით, რომ შესაძლებელია მეტი ნდობის არსებობა მომდევნო დღეების განმავლობაში“. წარმოდგენილი საკითხების გარშემო კი მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.

„მაგალითად, მსჯელობა ვადამდელ არჩევნებზე. ეს თემა უკვე, შეიძლება ითქვას, შევიდა დღის წესრიგში მყარად, ასევე შევიდა პოლიტპატიმრების თემა და არა მხოლოდ პოლიტპატიმრების, არამედ ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების... ამიტომ მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ რაღაცა სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან შეიძლება მართლაც გამოვიდეთ მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა - რომელიც პირველად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში - „თავიდან დაწყებას ჰგავდა“.

2 მარტს განვითარებული მოვლენები კი ბევრისთვის საფრთხეს უქმნის დიალოგის განახლების მცდელობას.

შეცვლილი რიტორიკა

მმართველი პარტიის ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის საკვანძო საკითხი, რიგგარეშე არჩევნები - რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მე-5 პუნქტის სახით - ხელისუფლებისთვის „წითელი ხაზია“. რიტორიკა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენჯერმე შეცვალა:

  • 22 თებერვალი კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება;
  • 1 მარტი ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე... ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი. სხვა შემთხვევაში არ შედგება კონსტრუქციული დიალოგი;
  • 2 მარტი ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის „წითელი ხაზი“. ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება.

1 მარტის შეხვედრაზე ღარიბაშვილმა - რომელიც მანამდე ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან „მოღალატეებსა“ თუ „ტერორისტებს“ უწოდებდა - თითოეულ ოპოზიციონერს მოუსმინა და კითხვებზეც უპასუხა. მისივე თქმით, სამომავლო ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ ჩამოყალიბდება. სხდომის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

2 მარტს ღარიბაშვილი კვლავ დაუბრუნდა თავის მკაცრ რიტორიკას და თქვა, რომ ოპოზიციამ 12 საათში გააგრძელა დესტრუქციული ქმედება. ამის საფუძველი კი გახდა პიკეტირების აქცია პარლამენტთან, რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მონებს უწოდებდნენ და რომელიც ოპოზიციამ შეხვედრის შემდეგ არ გააუქმა.

„ორივე მხარე არის აღსავსე საომარი რიტორიკით, იყურება კუნთებზე და ეძებს მოკავშირეებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის მიმომხილველი გია ხუხაშვილი და განაგრძობს: „ხელისუფლება შეეცდება, ისევ ოპოზიციისკენ გაიშვიროს ხელი. როდესაც იცი, რომ გყავს ასეთი ხელისუფლება, არ უნდა მისცე საშუალება იმისა, რომ თუნდაც რაღაცა თქვას. მე ვფიქრობ, გუშინდელს შემდეგ იქნებოდა აზრიანი, გამოეცხადებინათ 24-საათიანი დუმილი და მიეცათ ეს დრო ხელისუფლებისთვის, რომ რაღაც გზავნილი, მოლაპარაკებისკენ გადადგმული ნაბიჯი წარმოედგინა“.

ამასთან, ოპოზიციამ იმსჯელა აქციების ფორმებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, ამის უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც სხვა რიტორიკა და პროპაგანდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე აქციების მოდიფიკაციაზე. ვიმსჯელებთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და არ იქნება“.

მხარეებს აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და ამბობს, რომ რაც მოხდა გუშინ ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის.

„ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს”, - აცხადებს პრეზიდენტი.

მოლაპარაკებების გარშემო პროგრესს 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. არავინ მოელის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორ კვირაში გადაიჭრება, თუმცა ამ პერიოდში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შექმნის საფუძველს დიალოგის გასაგრძელებლად.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG