Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედინაია როსიამ“ შეცდომით პატივი მიაგო ნაცისტების მოკავშირეებს, ისინი სსრკ-ის მოკავშირეები ეგონათ


რუსეთის ქალაქ ორსკში მმართველი პარტია „ედინაია როსიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს უნგრელი სამხედრო ტყვეების საფლავზე. მათ ეგონათ, რომ უნგრეთი სსრკ-ის მხარეს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ახალგაზრდებმა ამგვარად ჩაატარეს აქცია „დაიცავი გმირთა ხსოვნა“. 22 თებერვალს მომხდარ ამ ინციდენტზე გამოცემა ural56.ru იტყობინებოდა.

უნგრელი, რუმინელი, გერმანელი და იაპონელი სამხედრო ტყვეები ორსკის №260 ბანაკში იყვნენ ინტერნირებული. ისინი ადგილობრივ საწარმოებში მუშაობდნენ, მონაწილეობდნენ იძულებით სამუშაოებში სამრეწველო ობიექტებისა და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობებზე. 2000 წლის დამდეგს მათი სამარხის ადგილას მემორიალური ნიშნები დადგეს.

ural56.ru-ს პუბლიკაციის შემდეგ „ედიანია როსიამ“ ამ აქციის შესახებ ინფორმაცია ამოიღო გამოქვეყნებული ტექსტებიდან. „ედინაია როსიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა აღიარა შეცდომა და ბოდიში მოიხადა. ორგანიზაციის საქალაქო განყოფილებას დაჰპირდნენ, რომ ისტორიაში ლექციებს ჩაუტარებენ სსრკ-ის მოკავშირეთა და მოწინააღმდეგეთა შესახებ.

უნგრეთი სსრკ-ის წინააღმდეგ ომში 1941 წლის ივნისში ჩაერთო. 1945 წლის 20 იანვარს უნგრეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის შტურმს ეწოდებოდა არა აღება, არამედ განთავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG