Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სპოტიფაის“ უზარმაზარი პლეილისტი გაგიკეთეთ - ყოველკვირეულად უფრო პატარებსაც შემოგაშველებთ


როგორც ჩანს, ერთ ერთი ყველაზე კარგი საქმე, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, მოზრდილი პლეილისტის გაკეთება იყო "იუტუბზე". ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მანდ შემავალი სიმღერები საერთო ჯამში 75 ათასჯერ მოისმინეთ.

მას შემდეგ კიდევ ვცადე რამდენიმე, უფრო მომცრო სიის გაკეთება, მაგრამ „იუტუბი“ მაგისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტიპი არ არის. ვერც ტელეფონში მოუსმენ გულით და, დროდადრო, ვიდეოებს დაუკითხავად შლის ხოლმე.

ჰოდა, ერთი კვირაა, რაც საქართველოში „სპოტიფაი“ შემოვიდა და ჩვენც, მოდი, მანდ გადავბარგდეთ.

ეგ სერვისი ხომ სწორედ მხოლოდ მუსიკის მოსასმენადაა გაკეთებული. თან სულ ყველაფერზე ხელმისაწვდომია - კომპიუტერშიც, ტელეფონშიც, მანქანაშიც, რავი, მგონი ზოგ მაცივარში და ტოსტერშიც...

თუ არ გაქვთ - რეგისტრაცია უფასოა. უფასო ვარიანტს ბევრი ნაკლი აქვს - დროდადრო რეკლამებს გირთავს და საათში განსაზღვრული რაოდენობის სიმღერების გამოტოვება შეგიძლია. თუმცა, სად უსმენ, მაგასაც გააჩნია - კომპიუტერში, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ გაწუხებს ხოლმე რეკლამებით. ტელეფონში - მეტად.

ასეა თუ ისე, ჩვენ საქმეს ეგ ხელს ძალიანაც არ შეუშლის, რადგან ჩემი პლეილისტი სწორედაც რომ „შაფლისთვისაა“ განკუთვნილი. სამასზე მეტი სიმღერაა ჩაყრილი - ყველანაირი მიმდინარეობის, პერიოდის და ხასიათის. როცა არ იცი რას მოუსმინო ჩართავ და ზოგ ნაცნობ ტრეკს შეხვდები და ზოგს რამე კარგსაც აღმოაჩენ წესით.

თუ უკვე დარეგისტრირდით, ამ ბმულს მიჰყევით, დაგულეთ (თქვენს ბიბლიოთეკაში რომ ჩანდეს) და მიუშვით. თუ რამე კარგი აღმოაჩინეთ, გამიზიარეთ!

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG