Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 მარტის მნიშვნელობაზე


ავტორი: მზეო შველიძე

1991 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურად საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაამკვიდრა. ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს და დედის დღეს ერთად აღნიშნავენ, მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი... საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ დღის აღნიშვნა დაიწყო.

ჩვენში დედობა ცალკე პროფესია, საქმიანობაა და რაც მთავარია საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი საქმიანობა, დედას შვილის მოვლა-პატრონობასთან ერთად აღმზრდელობითი ფუნქციაც აკისრია. ბავშვის ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მსოფლმხედველობრივ განვითარებაში დედის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. დედები გვაჩვენებენ სამყაროს ზოგჯერ ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, ზოგჯერ ვარდისფერ სათვალეშიც. ხშირად თავადაც პესიმისტურად არიან განწყობილი, უიმედობასა და სისუსტეს განიცდიან, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვაძლევენ იმედს.

ჩვენი პატარა წარმატებისგან ოცნების კოშკებს ქმნიან, გვეუბნებიან, რომ უფრო მეტსაც შევძლებთ, არასდროს ფიქრობენ ცუდზე, როცა საქმე ჩვენს კარიერას ეხება და პროფესიულ განვითარებას. ჩვენი მთავარი მოტივატორები დედები არიან ისინი გვაყვარებენ სამყაროს, ქვეყანას, ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას, თუმცა პირიქითაც ხდება.

დედის განწყობა, პიროვნული განვითარება, ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, ხშირად ჩვენი ცხოვრების ხარისხს, ფსიქოლოგიურ პორტრეტს განსაზღვრავს. დედა, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი ღირებულებით აღზარდოს შვილი სამართლიან, თავისუფალ, პატიოსან, კეთილ, ემპათიურ მოქალაქედ აქციოს, მხოლოდ კარგი მშობელი კი არა კარგი მასწავლებელი და მოქალაქეა. სწორედ ამიტომ დედებს დაფასება და პატივისცემა სჭირდებათ, არა მხოლოდ შვილებისა და ოჯახისგან. პირველ რიგში, საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან, 3 მარტი სწორედ ამ პატივისცემის გამოხატულებაა, თუმცა არა საკმარისი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ქალები ოჯახის მთავარი მარჩენალები და შემომტანები არიან ამ მიზეზით უმრავ ქალს უწევს საკუთარი ოჯახისგან შორს ყოფნა სოციალური მიზეზებით, ისინი მოწყვეტილნი არიან აღმზრდელობით პროცესში ჩართვას. რამდენიმე ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩნდა წარწერა ,,დედაჩემი კვირაში 60 საათს მუშაობს!’’. დედებს ურთულეს გარემოში უწევთ შვილების აღზრდა, უამრავი გამოწვევისა და იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც იმედიანად უყურებენ შვილების მომავალს, ხშირად იმაზე მეტ ძალასა თუ ენერგიას გასცემენ, ვიდრე შეუძლიათ. ისინი ნააკლებად ფიქრობენ დაფასებაზე, თუმცა წუხან, როცა მარტო გრძნობენ თავს. სამწუხაროდ, ასეთი დღეები მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრია, რადგან ჩვენი ქვეყანა ნაკლებად აფასებს დედებს, რომლებსაც თხოვენ, რომ გმირები აღზარდონ.

3 მარტი მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია სიმბოლური და გამომხატველი, და მაინც არასაკმარისი, სახელმწიფომ მინიმუმ ის მაინც უნდა შეძლოს, რომ ქალებს მათ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შრომითი კანომდებლობა მოარგოს და ღირსეული პირობები შეუქმნას ცხოვრებისთვის. იქნებ მერე არც ყოველი მესამე ქალი იყოს ძალადობის მსხვერპლი და თბილისის ქუჩაში სხვა წარწერებიც გაჩნდეს, მაგალითად ასეთი: ,,დედაჩემი კვირაში 60 საათს აღარ მუშაობს’’.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG