Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენა გაიმართება


საქართველოს პარლამენტში ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით გაიმართება სპეციალური მოსმენა, რომელშიც მონაწილეობას მთავრობის წევრებიც მიიღებენ. ამის თაობაზე ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშვალდებულების ფარგლებში მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციებია და პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებსა და წუხილებს, რომლებიც საზოგადოებაში ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებობს.

„გთხოვთ რომ მთავრობასთან ერთად დავიწყოთ მომზადება. კარგია რომ მინისტრებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები ჩავიდნენ ადგილებზე და გამართონ კომუნიკაცია საზოგადოებასთან ადგილზე. თუმცა პარლამენტს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი ამ სფეროში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, პარლამენტი ნამახვანჰესის პროექტზე საზედამხედველო ფუნქციების ფარგლებში იმსჯელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას "ნამახვანჰესზე" სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა. მინისტრებმა დავალება 4 მარტს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიიღეს.

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.

კასკადი შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG