Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის გენდერული და ბავშვის უფლებების საბჭოები: შემზარავია ბავშვზე ძალადობა, მათ შორის სექსუალური ხასიათის


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები გმობენ 13 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ შემზარავია ბავშვებზე ძალადობის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის - სექსუალური ხასიათის ძალადობა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები ხუთ პუნქტად აყალიბებენ იმ ღონისძიებებს, რომელიც მათი შეფასებით გადაუდებლად უნდა განხორციელდეს 13 წლის გოგოს უფლებების დასაცავად:

  • მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად მოახდინონ რეაგირება და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მისცენ ყველა შესაბამისი პირი. აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტზე შსს-ის მიერ უკვე დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
  • მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროულად იქნას გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დასაცავად.
  • არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა თითოეულ შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დასჯილი.
  • ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ინტენსიურად განვაგრძოთ მუშაობა ძალადობის პრევენციისა და კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა საპასუხოდაც სახელმწიფოს ჯერ კიდევ უამრავი აქვს გასაკეთებელი.
  • ამასთან, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, სექსუალური ძალადობის და განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ფაქტების გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მსხვერპლის, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან, სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით (სსსკ 140 მუხლი ) ერთი პირი თებერვალში დააკავა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა იმჟამად 12 წლის გოგომ იმშობიარა.

მოზარდი ახლა 13 წლისაა და ახალშობილთან ერთად თავშესაფარში იმყოფება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია სოციალუარი მუშაკი და ფსიქოლოგი. ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

XS
SM
MD
LG